კიევში მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზად არიან

საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, დედაქალაქის მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდება. ქალაქში მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების თანამშრომლები დარჩებიან.

ამის შესახებ კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა, რომან ტკაჩუკმა ადგილობრივი რადიოს ეთერში განაცხადა.

„საომარი მოქმედებების შემთხვევაში, ევაკუაცია განხორციელდება და ქალაქში დარჩებიან მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაკები და შეიარაღებული ძალები“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, კიეველების ევაკუაცია ნებაყოფლობითი პრინციპით განხორციელდება – ვისაც წასვლა არ მოუნდება, ქალაქში დარჩება.

ტკაჩუკმა ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის თითოეულ რაიონს აქვს საკუთარი ევაკუაციის გეგმა, რომლის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა თავშეყრის ადგილი განისაზღვრება.

ტკაჩუკმა დასძინა, რომ, საომარი მოქმედებების შემთხვევაში, მეტროპოლიტენი მხოლოდ 6 საათის განმავლობაში იმუშავებს: სამი საათი დილით და სამი საათი საღამოს. დანარჩენ დროს მეტროსადგურები თავშესაფრად გამოიყენებენ.

მისივე განმარტებით, ქალაქი არ იქნება მთლიანად პარალიზებული, რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იმუშავებს როგორც სახმელეთო, ისე – მიწისქვეშა ტრანსპორტი. ხოლო წყლისა და ელექტრომომარაგების ობიექტები გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს.

უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, კიევის თავშესაფრებში 2,8 მილიონზე მეტ ადამიანის განთავსება შეიძლება.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქში თავშესაფრად 47 მიწისქვეშა შენობა, 272 მიწისქვეშა გადასასვლელი და 409 ავტოსადგომია შესაძლებელი.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, მუნიციპალური უსაფრთხოების საკითხებში, ანდრეი კრიშჩენკომ განაცხადა, რომ, საომარი მოქმედებების შემთხვევაში, კიევის ხელისუფლება მოსახლეობას საფრთხის შესახებ აცნობებს არა მხოლოდ სირენების დახმარებით, არამედ – გამაფრთხილებელი სისტემებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები