ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო საწარმოებსა და ფერმებს რეგულარულად აკონტროლებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში193 ინსპექტირება განახორციელა; შემოწმდა ცხოველის საკვების 9 მწარმოებელი. შემოწმების პროცესში შეუსაბამობები არ გამოვლენილა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპზე, რეგისტრირებულია 13 ცხოველის საკვების საწარმო და 233 პირველადი წარმოების ობიექტი – ფერმა.

ინსპექტირების გარდა, მიმდინარეობს ცხოველის საკვების მონიტორინგი სხვადასხვა მაჩვენებელზე. ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლების და მათი ნარჩენების გამოვლენის მიზნით, აღებულია 95 ნიმუში. არც ერთ მათგანში შეუსაბამობა არ აღინიშნა. ამასთან, 2025 წლიდან, კონტროლის სახელმწიფო პროგრამით დაიგეგმა აფლატოქსინი B1-ის კვლევა, რომლის ფარგლებში აღებული 60 ნიმუშიდან 1 დარღვევა გამოვლინდა.

„ცხოველის საკვების უვნებლობა მთლიანი ჯაჭვის საწყის რგოლია და განსაზღვრავს როგორც ცხოველის, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას, ვინაიდან ტოქსინებით და სხვადასხვა ნარჩენით დაბინძურებული საკვები საბოლოოდ აისახება იმ ნაწარმში, რომელსაც ცხოველისგან ვიღებთ, იქნება ეს რძე, ხორცი, კვერცხი და სხვა. შესაბამისად, ცხოველების საკვების უვნებლობის მიმართულებით სააგენტო სისტემატურ კონტროლს აგრძელებს”, – განაცხადა ვეტერინარიის დეპარტამენტის ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს წარმომადგენელმა თეა ოშხერელმა.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოების პროცესის გამჭვირვალობის და რისკების ეფექტიან მართვის მიზნით, ცხოველის საკვების საწარმოებში მიმდინარეობს ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა. 2025 წელს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი 5 საწარმოში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები