ნინო ლაცაბიძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით რუსთავში მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ
რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მესხიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
ნინო ლაცაბიძის თქმით, ძველ რუსთავში შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია აქტიურდ მიმდინარეობს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, რუსთავში მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. როგორც ახალ, ასევე ძველ რუსთავში შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია აქტიურდ მიმდინარეობს. მესხიშვილის ქუჩაზე ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების თბოიზოლაციური მასალით შეფუთვა ხდება, რუსთაველის ქუჩაზე კი გამაგრება-რეაბილიტაცია. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი უკვე სრულდება და ძალიან მალე დავიწყებთ მეოთხე ეტაპს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი გაეცნენ.
“ქვემო ქართლის მხარეში ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. დღეს რუსთავში მიმდინარე პროექტებს გავეცანით. მესხიშვილის ქუჩაზე ფასადების რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი სრულდება, რუსთაველის ქუჩაზე კი მესამე ეტაპი. ჯამში ეს ორივე პროექტი 5 მილიონ ლარზე მეტია”, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ.
მესხიშვილის ქუჩაზე, პირველ ეტაპზე, N4 და N5 საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია ხდება. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება ფასადების თბოიზოლაციური მასალით შეფუთვა, რაც საცხოვრებელი კორპუსების ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს. გათვალისწინებულია მეტალოპლასტმასის ახალი ფანჯრების მოწყობა და აივნების სრული განახლება. პროექტის ღირებულება 2 498 787 ლარია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
“რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გავეცანით დღეს. ახალ რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე არსებულ შენობებს ენერგოეფექტური რეაბილიტაცია უტარდება, რაც ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარდა ძველ რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე არსებულ ისტორიულ შენობებს უტარდება რეაბილიტაცია ავთენტური იერსახის შენარჩუნების მიზნით”, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილმა.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია დღეისათვის N25, N34 და N36-ს უტარდება. უკვე დასრულებულია რუსთაველის N32-ის რეაბილიტაცია-რესტავრაცია. პროექტი ფასადებისა და აივნების სრულ რესტავრაციას, დეკორატიული განათების, მოაჯირებისა და კარ-ფანჯრების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 2 956 693 ლარია და სრულად ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.