პატრიარქი: მიტროპოლიტ სერაფიმეს მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია
“მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია,” – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც სამძიმრის წერილშია აღნიშნული, მიტროპოლიტი სერაფიმე გამოირჩეოდა გულწრფელობით, უშურველობით, თავმდაბლობით, უბრალოებით, შემნდობი ხასიათით, სიყვარულით და განუკითხველობით.
„იგი სოხუმიდან იყო და ქვეყნის განსაცდელმა, ბუნებრივია, მასაც ტკივილიანი ცხოვრება არგუნა; თუმცა, განსაცდელები შემდეგშიც არ ტოვებდა, მით უმეტეს მღვდელმთავრის ხარისხში ყოფნისას.
ის, რომ იგი გამოირჩეოდა გულწრფელობით, უშურველობით, თავმდაბლობით, უბრალოებით, შემნდობი ხასიათით, სიყვარულით, განუკითხველობით… განსაკუთრებულად გამოჩნდა მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში. ამ თვისებების გამო შეიყვარა იგი ხალხმა ბორჯომშიც, თბილისშიც და საერთოდ, ყველგან, სადაც კი მას მოუწია მსახურება.
ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა განუსვენოს მის უკვდავ სულს, ხოლო სასულიერო პირებს, მის სამწყსოს, ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს მომადლოს მშვიდობა და მიტროპოლიტ სერაფიმესათვის ლოცვის ძალა“, – აღნიშნულია კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.