რა ფაქტორები განაპირობებს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციას და როდის იგრძნობენ მოქალაქეები ლარის გამყარების პოზიტიურ ეფექტს, – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებას ეკონომისტი, სოსო არჩვაძე აკეთებს.
„ეს მყისიერად ვერ მოხდება, მაგრამ, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, ლარის კურსის გამყარებისგან მომდინარე სიკეთეს მოსახლეობა, ვფიქრობ, დაახლოებით, 3 კვირიდან 6 კვირამდე ვადაში იგრძნობს. ეს სიკეთე ფასების სტაბილურობასა და შემოსავლების ზრდაში გამოიხატება. მოსახლეობის შემოსავლების მსყიდველობითუნარიანობის გაზრდა მოხდება“, – განაცხადა არჩვაძემ.
როგორც არჩვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ლარის კურსზე დადებითად ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები მოქმედებს.
„გალაკტიონის ცნობილი ლექსის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ: „როგორმე ზამთარს თუ გადავურჩით, როგორმე ლარმა თუ გვიერთგულა“ – დაახლოებით, ასეთი დამოკიდებულება ჩნდება. საზოგადოება ლარის კურსის გამყარებისადმი გარკვეული შიშნარევი ოპტიმიზმითაა. ამ პროცესს უაღრესად დადებითი, პოზიტიური შედეგები აქვს. მაგალითად: აპრილის თვის შემდეგ, როდესაც პიკური ვარდნა იყო, ლარი დოლართან ყველაზე დაბალ ნიშნულზე აღმოჩნდა, ვითარება ახლანდელი მდგომარეობით რომ შევაფასოთ და წელზე გადავიანგარიშოთ, ეს სახელმწიფო ბიუჯეტს მარტო სახელმწიფო საგარეო ვალების მომსახურებაზე, დაახლოებით, 60 მილიონამდე ლარს დაუზოგავს. აქ ცალსახად პოზიტიური მომენტია. როდესაც ლარი მყარდება, შინამეურნეობების, ხელფასის, პენსიის, თუ სხვა სახის მონეტარული სახსრების მსყიდველობითი უნარიანობა იზრდება. იზრდება ის პოტენციალი და პერსპექტივა, რომ ამ თანხით უფრო მეტი რაოდენობის საქონელი და მომსახურება იქნეს შეძენილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ყველა მედალს ორი მხარე აქვს: როდესაც ლარი მყარდება ეს ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გაძვირებას იწვევს. არადა, საქართველოს ექსპორტი გასულ წელს რეკორდულ მიჯნაზე გავიდა. მთელი ექსპერტის მოცულობამ 4 – მილიარდიან ზღვარს პირველად გადააჭარბა, ხოლო აგროსასურსათო პროდუქცია ექსპორტმა მილიარდიანი ზღვარი პირველად გადალახა. უფრო მეტსაც გეტყვით, წინა წელთან შედარებით, ეს ისტორიული მიღწევაა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, წინა წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მატებამ შესაბამისი პროდუქციის იმპორტს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ანუ, რა მაქვს მხედველობაში: ყოველი 100 დოლარის იმპორტზე მატების მხრივ ექსპორტმა 141 დოლარი შეადგინა. მაგალითად, 2012 წელთან შედარებით, აგროსასურსათო პროდუქციის უარყოფითი სალდო მნიშვნელოვნადაა შემცირებული: 759 მილიონიდან 212 მილიონ დოლარამდე. ეს რას ნიშნავს: ჩვენ არა მარტო იმდენი, არამედ გაცილებით მეტი რაოდენობის სასურსათო პროდუქციის იმპორტში დავზოგეთ და ქვეყნიდან სულ ცოტა 536 მილიონი დოლარი არ გავიდა. ეს 2012 წელთან შედარებით“, – განაცხადა არჩვაძემ.
მისივე თქმით, როდესაც ისმის კითხვა, რა ამყარებს ეროვნულ ვალუტას, აქ არა მარტო ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი უნდა ვიგულისხმოთ, არამედ – მისი ცალკეული კომპონენტებიც.
„ერთ-ერთი ისაა, რომ ჩვენ მთლიანად და განსაკუთრებით აგროსასურსათო პროდუქციის ხაზით უარყოფით სავაჭრო სალდოს ვამცირებთ.
პირველად ბოლო 14 წლის მანძილზე, 2007 წლის შემდეგ ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო არა მარტო სამეზობლოში, არამედ ევროპის მასშტაბით მეორე ადგილზე გავიდა, ირლანდიის შემდეგ. ასეთი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს 2007 წლის შემდეგ არ ჰქონია . დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მხოლოდ მეხუთე შემთხვევაა, როცა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მივაღწიეთ.
ბიზნესსექტორში საგრნობი, 20 %-ზე მაღალი ზრდა გვაქვს, ხოლო რეალურ განზომილებაში დაახლოებით 17-18 %-იანი მატება. ანუ რეალურად მეტი წარმოებული პროდუქცია გვაქვს რომლის ნაწილი, უფრო მეტი რაოდენობით ქვეყნის შიგნით ხვდება და მისი მსოფლიო ბაზარზე გასვლა იზრდება. ჩვენ საერთაშორისო ბაზრებზე სამამულო პრუდუქციის გატანას ვზრდით. ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობაც იზრდება. ჯამურად, ეს ეროვნული პროდუქტის ადმინისტრირებაში ჰპოვებს ასახვას. მხედველობაში მაქვს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა. ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა ქვეყნის სავაჭრო – საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებას, სახელმწიფო ვალის მთლიან ეროვნულ პროდუქტთან მკვეთრ შემცირებას უზრუნველყოფს. უკვე ვახსენე, რომ ჩვენ საგარეო ვალის მომსახურებისთვის საგრძნობი სახსრები გვეზოგება.
არის გამოწვევებიც, როცა მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის ფასი იზრდება. ქართულ ბიზნესს მოუწევს მეტი შრომა, მეტი ძალისხმევა იმისათვის, რომ არამწარმოებლური ხარჯები შეამციროს, სახსრების და ყველა რესურსის რაციონალური გამოყენება გაზარდოს და ამით მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება შეძლოს. ეს ლარის სწრაფი გამყარების პირობებში საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.
საქართველოს ეკონომიკამ უახლოეს თვეებში უნდა დაამტკიცოს, რომ ის მდგრადი და განვითარებადია“, – განაცხადა არჩვაძემ.
მისივე თქმით, ლარის კურსზე დადებითად ფსიქოლოგიური ფაქტორიც მოქმედებს. როგორც არჩვაძე აცხადებს, საზოგადოებაში მტკიცდება იმის რწმენა, რომ ლარი საიმედო ვალუტაა.
„კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს, ესაა არა ეკონომიკური, არამედ წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორი, რწმენა იმისა, რომ ლარის მდგომარეობა, მისი კურსი უარესობისკენ არ შეიცვლება. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე ეკონომიკური ზრდა, ან ექსპორტ -იმპორტს შორის სალდოს ცვლილება. საზოგადოებაში მტკიცდება იმის რწმენა, რომ ლარი საიმედო ვალუტაა და მის კურსს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რაც ბოლო თვეების მანძილზე საქართველოს ეკონომიკაში მოხერხდა. ხელისუფლების სწორი და რაციონალური პოლიტიკის ხარჯზე შევძელით, რომ შეზღუდული რესურსებისა და არცთუ იდეალური საგარეო პირობების გათვალისწინებით ეკონომიკური ზრდაც და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებაც მოგვეხდინა“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.
ცნობისთვის, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.9480 ლარია.