როგორ ამხილეს სოსო გოგაშვილი ტყუილში

თამარ იარაჯული, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, სოციალური სიდუხჭირის მოტივით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან თვითმკვლელობა სცადა, სუსის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილთან ახლო კავშირშია. ამის შესახებ ცნობილი Postv-ის სიუჟეტიდან გახდა.
როგორც სიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, იარაჯულსა და გოგაშვილს საქმიანი ურთიერთობის გარდა, ერთმანეთთან ნათელმირონობა აკავშირებთ.
ამასთან, სიუჟეტში ნათქვამია, რომ თამარ იარაჯულის ფონდი – “მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი” სწორედ გოგაშვილის თანამდებობაზე ყოფნის დროს, მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა. ფონდში სახელმწიფო უწყების თანამშრომლები ყოველთვიურად ხელფასიდან გარკვეულ თანხას რიცხავდნენ და ორგანიზაციის შემოსავლების უდიდესი ნაწილი ხელფასებზე იხარჯებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თამარ იარაჯული სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევა და მათი მისამართით სალანძღავ პოსტებსაც ხშირად აქვეყნებს. კრიტიკული განცხადებებიც მის ფეისბუქგვერდზე სწორედ სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიწყო.

Postv-ის ჟურნალისტთან გოგაშვილი თავდაპირველად უარყოფს რაიმე კავშირს თამარ იარაჯულის ფონდთან, თუმცა მოგვიანებით ირკვევა, რომ იარაჯული მისი პოლიტიკური მოკავშირეა და გოგაშვილი კარგად არის ინფორმირებული ფონდისა და მისი წევრების საქმიანობის შესახებ, რასაც თავადვე ადასტურებს. ამასთან სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი იარაჯულის უდიპლომო შვილისა და ნასამართლევი მეუღლის სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებას იმდროინდელ პრემიერებს – კვირიკაშვილსა და ბახტაძეს უკავშირებს.

ჟურნალისტი: თამარ იარაჯულს, მაშინ როდესაც თქვენ იყავით თანამდებობაზე, დაარსებული აქვს ფონდი, რა კავშირი გაქვთ ამ ფონდთან?
გოგაშვილი: ამ ფონდთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს, რა თქმა უნდა. ერთადერთი, მხოლოდ ის, რომ მე თვითონაც შევწირე თანხა, ისევე როგორც ძალიან ბევრმა ადამიანმა, მთავრობის ბევრმა წევრმა.. ორი პრემიერი იყო ჩართული, კვირიკაშვილიც და ბახტაძეც ამ ყველაფრის ხელშეწყობაში. მოგეხსენებათ, რომ მიწაც გადაეცა, რომელიც მერე უკან დააბრუნა. შეხება ის მქონდა, რომ თანხა გადავრიცხე, მეტი არაფერი.

ჟურნალისტი: თქვენ რომ წახვედით თანამდებობიდან, თამარ იარაჯულის პოლიტიკური შეხედულებებიც შეიცვალა და ის თქვენი პარტიის აგიტატორი, მხარდამჭერი და აქტიური წევრი გახდა..
გოგაშვილი: აგიტატორი არ იყო. საკრებულოს სიაში იყო ის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. შარშანდელ არჩევნებზე იყო. ის სია იყო ღია, არამარტო პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, არამედ სხვადასხვა საზოგადო მოღვაწე თუ აქტიური ადამიანი. პარტიამ გახსნა სია. ნუ, ვერ მოგროვდა თბილისში იმ რაოდენობის ხმები, რომ შესულიყო ის საკრებულოში.

ჟურნალისტი: ვინ არის გიორგი ხავთასი, რომლის სახელზეც ფიქსირდება ის მიწის ფართობი, რომელიც უშუალოდ კავშირშია ფონდთან? {ამ მიწის მომიჯნავე ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ ფონდს აუტისტის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად გადასცა, თუმცა ფონდმა პირობები ვერ შეასრულა და მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა. ორივე მიწა გოგაშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა}.
გოგაშვილი: ვაკის ტერიტორიაზე ეს მიწა იცი რამხელა ფართობია? რა შუაშია ეს ჩემთან, ჩემს სახლთან რაგბის სტადიონიცაა და გერმანული სოფელიც, ისიც ჩემი ინტერესის სფეროა?! თქვენ გეჩვენებათ ეს დამთხვევად. ჩემი ინტერესი რატომ უნდა ყოფილიყო ეს მიწის ნაკვეთი.

ჟურნალისტი: თქვენ დაასაქმეთ თამარ იარაჯულის ოჯახის წევრები. საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად თანამდებობებზე. ასევე დაასაქმეთ თამარ იარაჯულის მეუღლე, რომელიც არის ნასამართლევი, მისთვის დაუშვით რომ შექმნილიყო ახალი შტატი..
გოგაშვილი: კი დავასაქმე პრემიერის დავალებით. ახლა ისეთი კურსია არ მგონია მაღალი ანაზღაურება იყოს. “ნაციონალური მოძრაობის” დროს ნასამართლევია ძალიან ბევრი ადამიანი. არაფერი დამიშვია, ეკონომიკის სამინისტროში დასაქმდა ეს ადამიანი, რადგან პრემიერ-მინისტრის დავალება იყო რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით ამ ოჯახს. მისი პროფესიიდან გამომდინარე უსაფრთხოების რაღაც განყოფილებაში დასაქმდა. ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილიც და ბახტაძეც სწორად მოიქცნენ, როდესაც ამ ოჯახს დაეხმარნენ.

ჟურნალისტი: თქვენ მისი შვილიც დაასაქმეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
გოგაშვილი: შტატში არ ყოფილა, ის იყო ხელშეკრულებით. რამდენიმე უცხო ენას ფლობს და ღია წყაროებზე იყო, უცხოური მედიიდან უნდა გადმოეთარგმნა ქართულად. სულ რაღაც 2 თვე თუ რაღაც იმუშავა, წამოვიდა მერე.

ჟურნალისტი: საინტერესოა, რატომ არასდროს დაინტერესდით მათი ამბით
გოგაშვილი: არ იყო ჩემი საქმე, იმდენი ფონდია, მე ფონდთან რა შეხება მქონდა.

ჟურნალისტი: მაშინ, როცა თამარ იარაჯულს ჰქონდა სუიციდის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, ამბობდა რომ 350 ლარის ოდენობის თანხას ვერ იხდიდა. რატომ არ დაეხმარა სოსო გოგაშვილი მაშინ.
გოგაშვილი: მე მიმაჩნია, რომ ის რაც მოხდა იქ, ჩემთვის მიუღებელია. არ არის ეს გამოსავალი მაგ ფორმით პროტესტი. ალბათ, თვითონაც მიხვდა რომ ასე იყო. რაც შეეხება რატომ არ დავეხმარე, მე არც ვიცოდი იქ რა ხდებოდა, მეორე თუ მესამე დღეს გავიგე.

ეს სოსო გოგაშვილის ინტერვიუა, რომელიც postv-ს მისცა. როგორც ჩანს, სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი კარგად არის ინფორმირებული, როგორც თვითონ თამარ იარაჯულის, ასევე მისი ოჯახის წევრების ცხოვრებისა და ფინანსების შესახებ. იარაჯულის პოლიტიკური აქტივობები კი გოგაშვილის პარტიას უკავშირდება. შესაბამისად, სიუჟეტიდან ირკვევა, რომ მოქალაქის პროტესტი, რომელიც სოციალური დახმარების გაზრდას ეხებოდა, რეალურად საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაცია და პროვოკაციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები