პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრებს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მასში მონაწილეობის და ჯგუფური ძარცვის ფაქტებზე რვა პირი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას, რომელშიც თავადვე მონაწილეობდნენ. კერძოდ, აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ამსახველ ვიდეოებს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ. რიგ შემთხვევაში მსხვერპლებს ასევე ართმევდნენ პირად ნივთებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება, ორი ეპიზოდი), 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამი ეპიზოდი) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლომ ორ სრულწლოვან ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 14-14 წლით, ხოლო ერთს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. არასრულწლოვან ბრალდებულებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე დანიშნული სასჯელები შეუმცირდათ და საბოლოოდ, ერთ არასრულწლოვანს 10 წლითა და 6 თვით, ორ არასრულწლოვანს 9 წლითა და 4 თვით, ერთ არასრულწლოვანს 6 წლით და ერთ არასრულწლოვანს 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.