ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ერთ-ერთი პროვოკაცია მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია Postv-იმ თამარ იარაჯულის შესახებ სიუჟეტი გამოაქვეყნა.
როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, მოქალაქე, რომელიც გაჭირვებულ ცხოვრებას აპროტესტებდა და სოციალური დახმარების გაზრდას ითხოვდა, საკმაოდ დიდ ქონებას ფლობს, მათ შორის: სახლს თბილისში, ძვირად ღირებულ მანქანას – 2009 წლის Audi Q7-ს, ამასთან, როგორც თავად, ასევე მისი ოჯახის წევრებიც 5000-ლარიანი მობილური ტელეფონებით სარგებლობენ.
ამასთან,სიუჟეტში ნათქვამია, რომ იარაჯულის დადგმული პროვოკაციული ქმედებები სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილისგანაა მართული და რომ თამარ იარაჯულმა მთავრობის კრიტიკა, განსაკუთრებით კი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და სუსის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარების გამოქვეყნება მას შემდეგ დაიწყო, რაც გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა.
“თამარ იარაჯული აცხადებდა, რომ ერიცხებოდა ბუნებრივი აირის დავალიანება, სურდა სოციალური დახმარების გაზრდა და მისი შშმ შვილისთვის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება. მოქალაქე იარაჯული, ბიძინა ივანიშვილის მიერ საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემულ ბიზნესცენტრთან ცდილობდა რკინის მოაჯირზე ასვლას და გადახტომას.
მაინც რამდენს შეადგენდა ეს დავალიანება, რომლის გამოც იარაჯული ქუჩაში გავიდა – “თბილისი ენერჯიმ” გამოაქვეყნა ინფორმაცია დავალიანების შესახებ, სადაც თამარ იარაჯულს ერიცხებოდა დავალიანება 350 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია სიუჟეტში.
და მაინც, ვინ არის თამარ იარაჯული? სიუჟეტიდან ირკვევა, რომ 2009 წელს ის მუშაობდა თბილისის მერიაში. 2018-22 წლებში კი ხელფასი უფიქსირდება მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდიდან. ამასთან ცნობილი ხდება, რომ იარაჯული რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორია. მისი მეუღლე, ავთანდილ ნიშნიანიძე, რომელიც 2006 წელს ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების ბრალდებით იყო ნასამართლევი, 2015-18 წლებში მუშაობდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, 2018 წლიდან დღემდე კი დასაქმებულია “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
რაც შეეხება მის შვილს, გიორგი სანდუხაძეს, 2020 წელს მას ხელფასი უფიქსირდება “მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდიდან”. ასევე 2018 წელს სოსო გოგაშვილის რეკომენდაციით, დასაქმდა სუსის ანალიტიკურ მთავარ სამმართველოში ხელშეკრულებით და დასაქმების პერიოდში სხვა თანამშრომლებთან შედარებით მაღალ ანაზღაურებას იღებდა.
მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი:
ფონდი, რომლის მიზანიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დახმარება იყო, Postv-ის სიუჟეტიდან ირკვევა, რომ სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის თანამდებობაზე ჰყოფნის დროს, მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა. მის პრეზენტაციას კი გოგაშვილის მეუღლეც დაესწრო.
“ფონდში ქველმოქმედების მიზნით სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები რიცხავდნენ თანხას საკუთარი ხელფასებიდან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – 2018 წელს – 61 319 ლარი, 2019 წელს – 64 521 ლარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – 2018 წელს – 14 482 ლარი, 2019 წელს – 31 098 ლარი, 2020 წელს – 27 831 ლარი, 2021 წელს – 25 596 ლარი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო – 2019 წელს – 17 328 ლარი.
საერთო ჯამში ფონდში დარიცხულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტი. თანხები ჩარიცხულია როგორც კერძო პირებისგან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებიდან, მაგრამ აქაც, როგორც პაატა ბურჭულაძის ფონდის შემთხვევაში, გაოცებას იწვევს ფონდის ხარჯები. როგორც ვიცით, ყველა საქველმოქმედო ფონდის ხარჯები, რომელიც გაწერილია ფონდის ხელმძღვანელობის ხელფასებისთვის, სხვა ხარჯებთან შედარებით მიზერული უნდა იყოს. დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს, რომ ჩარიცხული თანხების უდიდესი ნაწილი ხმარდებოდა ხელფასებს და იარაჯულის პირად კეთილდღეობას. ყველაზე მაღალი ბრუნვა ფონდს 2018-19 წლებში უფიქსირდება, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ინტენსიურად რიცხავდნენ თანხებს. მაშინ სუსის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა იოსებ გოგაშვილი”, – ამბობს სიუჟეტის ავტორი.
აქვე ცნობილი ხდება, რომ 2018 წელს ფონდში ჩაირიცხა 82 197 ლარი, საიდანაც მხოლოდ ხელფასებზე 71 531 ლარი გაიცა.
“თანხის უდიდესი ნაწილი მიჰქონდა თამარ იარაჯულს. კერძოდ, 2018 წელს, იარაჯულს ფონდში დასაქმებული ჰყავდა 8 ადამიანი. რომელთაც 2018 წელს ჯამში ხელფასი აიღეს 19 000 ლარის ოდენობით, დანარჩენი 51 ათასი ლარი კი მოხმარდა თამარ იარაჯულისა და მისი ოჯახის წევრების ხელფასებს.
2019 წელს ფონდის შემოსავალი იყო 114 652 ლარი, საიდანაც ხელფასის სახით 71 798 ლარი გაიცა. ფონდში დასაქმებული იყო 12 ადამიანი. მათ წლის განმავლობაში ჯამში აიღეს 32 624 ლარი. დარჩენილი თანხა (39 174 ლარი) კი კვლავ თამარ იარაჯულისა და მისი ოჯახის წევრების ხელფასებს მოხმარდა”, – აღნიშნულია სიუჟეტში.
სიუჟეტში მოყვანილი ფაქტებით დგინდება, რომ მთელი ოჯახი მაღალ ანაზღაურებას იღებს და ბუნებრივი აირის 350-ლარიანი დავალიანების გადახდა მათთვის რთული არ უნდა ყოფილიყო, შესაბამისად პროტესტი, რომელიც თამარ იარაჯულმა გამოხატა, ყალბი და წინასწარ დაგეგმილია.