ნათია ჯანაშიას „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორობიდან გარიცხვა ემუქრება
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ სადამფუძნებლო სტრუქტურა, მიმდინარე სასამართლო განხილვების შედეგად, ვფიქრობ, აუცილებლად შეიცვლება. ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა და მხარეთა შორის დავის მიმდინარეობაზე დაკვირვება, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აღნიშნული დავა კომპანიიდან ნათია ჯანაშიას გარიცხვით დასრულდება“, – აცხადებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ – აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე. აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
მისი თქმით, სახეზეა ფაქტობრივად, ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც, როგორც სასამართლო პრაქტიკა მოწმობს, პარტნიორის დამფუძნებლობიდან გარიცხვა გარდაუვალი მოცემულობა ხდება. „დოკუმენტირებულად არის დაფიქსირებული ნათია ჯანაშიას მხრიდან, კომპანიის საზიანოდ, როგორც მენეჯერის და შემდგომ როგორც პარტნიორის მხრიდან ქმედების უმძიმესი ფაქტები. მათ შორის, კომპანიის კუთვნილი სახსრების არამიზნობრივად ხარჯვისა და გაფლანგვის, ნაკისრი ვალდებულებების არშესრულების, კომპანიის საწარმოო და იურიდიული ფუნქციობისთვის გამიზნული ხელისშეშლის, მართვის პროცესისთვის არაერთგზის ხელისშეშლის მცდელობის, იდენტური ბიზნესის წამოწყების და ასევე, კომპანიისთვის პერმანენტული რეპუტაციული ზიანის მიყენების ფაქტები. ეს ყოველივე საკმარისზე მეტია, რომ სასამართლომ ნათია ჯანაშიას „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორობიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღოს“, – ამობობს კაპანაძე.
აფბას ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საინტერესო მომენტია, რომ როგორც მედიაში გავრცელებული ცნობებიდან ირკვევა, ინვესტორის მხრიდან, შესაგებელი სარჩელით, ნათია ჯანაშიას პარტნიორობიდან გარიცხვის საკითხი მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც მანამდე, თავად ნათია ჯანაშიამ მიმართა სასამართლოს ინვესტორის გარიცხვის მოთხოვნით.
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე დავაზე რამდენიმეთვიანი დაკვირვების შედეგად, მივდივარ დასკვნამდე, რომ ნათია ჯანაშიას მხრიდან იმდენად არის დაზიანებული პარტნიორული ურთიერთობის ელემენტარული ეთიკა და აბსოლუტურად ყველა სხვა ასპექტიც, რომ პარტნიორები მომავალში, უბრალოდ, ვერ შეძლებენ კომპანიის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას და სწორედ ამ ინტერესებიდან გამომდინარე, დავის გადაჭრის ერთადერთ ობიექტურ გამოსავლად მესახება ნათია ჯანაშიას გარიცხვა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორობიდან. ამაზე უკეთესი მხოლოდ საქმის მხარეთა შორის მორიგებით დასრულება იქნებოდა, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ამ შესაძლებლობას, ამ ეტაპზე, უბრალოდ ვერ ვხედავ“, – მიაჩნია კაპანაძეს.
მისი თქმით, სასამართლოს მხრიდან ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოხდება ისე, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტის (როგორც წესი, ასეთად სასამართლო სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიიჩნევს) მიერ შეფასდება ნათია ჯანაშიას კუთვნილი წილი (30%) კომპანიაში და ინვესტორის მიერ მისი გადახდის კვალდაკვალ, იგი დაფიქსირდება როგორც კომპანიიდან გარიცხული და აღნიშნული ცვლილება აისახება სამეწარმეო რეესტრში. „ეს მესახება ყველაზე ჯანსაღ, გონივრულ და ადეკვატურ გამოსავლად არსებულ ვითარებაში“, – აღნიშნავს აფბას ხელმძღვანელი.
„ხოლო ის, რომ „სამხარაულის ექსპერტიზა, ნათია ჯანაშიას კუთვნილი წილის ღირებულებას სამართლიანად შეაფასებს, ჩემში ეჭვს არ იწვევს, რამდენადაც უკვე არსებობს ფაქტი, როცა მან 2019 წელს მხარეთა შორის დადებული გარიგების საბაზრო ღირებულება შეაფასა და დაადასტურა, რომ ინვესტორმა ნათია ჯანაშიას საბაზრო ფასთან მიმართებით, არსებულზე 500 000 ლარით მეტიც კი გადაუხადა“, – დასძენს კაპანაძე.
2024 წელს, მას შემდეგ რაც მენეჯმენტ კონტრაქტი ამოიწურა და მაჟორიტარმა აქციონერმა ნათია ჯანაშია ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად აღარ დატოვა, ჯანაშიამ სასამართლოს მიმართა და მემორანდუმიდან გასვლა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. შემდგომში მან ასევე მოითხოვა “საქართველოს განათლების ჯგუფის“ გარიცხვა პარტნიორობიდან 10 მლნ აშშ დოლარის გადახდის პირობით.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ სარჩელებს “საქართველოს განათლების ჯგუფმა” შესაგებელი სარჩელებით უპასუხა და სწორედ ამ და კიდევ რამდენიმე ამბის, როგორც გაერთიანებული სარჩელის, სასამართლო გარკვევა დაიწყო 2026 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კურცხალიამ, რომლის წარმოებაშიც მოიყარა თავი საკითხთან დაკავშირებულმა სარჩელებმა.
გარიცხვის/მემორანდუმიდან გასვლის და ზიანის ანაზღაურების გაერთიანებული საქმის მოსამზადებელი სხდომა
კომპანიიდან (მაგალითად, შპს-დან) ერთ-ერთი პარტნიორის გარიცხვის საკითხი საკმაოდ რადიკალური ნაბიჯია და, როგორც წესი, მაშინ დგება ხოლმე დღის წესრიგში, როდესაც პარტნიორებს შორის თანამშრომლობა და ნდობა სრულად ირღვევა. ყველაზე ხშირად ეს შემდეგი ძირითადი მიზეზების გამო ხდება: 1. კომპანიის ინტერესების საზიანო მოქმედება ეს არის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. თუ პარტნიორი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს ან ისე იქცევა, რაც პირდაპირ აზარალებს ბიზნესს, მაგალითად: კომპანიის კუთვნილი თანხების ან აქტივების არამიზნობრივი ხარჯვა/გაფლანგვა. კომპანიის კომერციული საიდუმლოების ან კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა. რეპუტაციული ზიანის მიყენება, რაც საფრთხეს უქმნის ბიზნესის არსებობას. 2. ინტერესთა კონფლიქტი და კონკურენცია პარტნიორებს, როგორც წესი, აქვთ ერთგულების ვალდებულება კომპანიის მიმართ. გარიცხვის საფუძველი ხშირად ხდება: პარალელური ბიზნესი: როდესაც პარტნიორი იწყებს იდენტური ან კონკურენტი ბიზნესის კეთებას და კომპანიის რესურსები, კლიენტები ან იდეები თავის ახალ, პარალელურ პროექტში გადააქვს. 3. ვალდებულებების შეუსრულებლობა კომპანიის დაფუძნებისას ან საქმიანობის პროცესში პარტნიორებს აქვთ გარკვეული მოვალეობები: წილის საფასურის გადაუხდელობა: თუ პარტნიორს ხელშეკრულებით ევალებოდა კონკრეტული კაპიტალის (ფულის ან ქონების) შეტანა და მან ეს დათქმულ ვადაში არ გააკეთა. მუშაობაში მონაწილეობის არმიღება: თუ პარტნიორს აღებული ჰქონდა მართვის ან კონკრეტული საქმის კეთების ვალდებულება, მაგრამ სრულად ჩამოშორდა პროცესებს, რითაც აფერხებს ბიზნესის განვითარებას. 4. მართვის პროცესის სრული ბლოკირება (Deadlock) როდესაც კომპანიაში პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იქამდე მიდის, რომ გადაწყვეტილებების მიღება (მაგალითად, ხმის მიცემისას) შეუძლებელი ხდება. თუ ერთი პარტნიორი მუდმივად, საფუძვლის გარეშე ბლოკავს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ამით კომპანიას პარალიზების საფრთხეს უქმნის, მეორე მხარე ცდილობს მისი გარიცხვის გზით ბიზნესის გადარჩენას. როგორ წყდება ეს სამართლებრივად? როგორც წესი, პარტნიორის გარიცხვა მარტივი პროცედურა არ არის. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხშირად პარტნიორებს უწევთ სასამართლოსთვის მიმართვა შესაბამისი სარჩელით, სადაც საფუძვლიანად უნდა დაამტკიცონ, რომ პარტნიორის დარჩენა კომპანიაში მნიშვნელოვნად აფერხებს ან შეუძლებელს ხდის ბიზნესის ნორმალურ ფუნქციონირებას.