ანრი ოხანაშვილი: მიგვაჩნია, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია სწორი დოკუმენტია

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი დოკუმენტია და ემსახურება იმ სტრატეგიულ მიზანს, რომელიც გულისხმობს ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და ხალხისთვის მტკიცე მხარდაჭერის გამოცხადებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„დავსვათ საკითხი, რა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვამოძრავებს ის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს და რეზოლუციაში მკაფიოდ დავსვათ საკითხი, რომ არ შეიძლება, მოხდეს არც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და არც რაიმე ტიპის ესკალაცია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით ვფიქრობ, სახელმწიფოებრივად სწორია, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდოთ ყველას, საერთაშორისო თანამეგობრობას გავაცნოთ ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ არანაირად არ მივესალმებით და დაუშვებელია რაიმე ტიპის ესკალაცია ევროპის შუაგულში. აქ რა კითხვები აქვს ოპონენტებს, თუკი საუბარია, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს, მხარდაჭერა რეზოლუციის ტექსტშია ჩადებული. თუ არის საუბარი, რომ ჩვენ უნდა დავგმოთ, რომ დაუშვებელია რაიმე ტიპის ესკალაცია, ეს ამ ტექსტში არის. სხვა ინტერესები თუ ამოძრავებთ, ვფიქრობ, ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანიაა, რომელიც ორიენტირებული იყო არა იმაზე, რომ ვინმეს რეზოლუციის მიღების ინტერესი ჰქონოდა და მართლაც უკრაინელი ხალხისთვის ერთობლივად გამოგვეცხადებინა სოლიდარობა, არამედ სხვა პიარკამპანიაზე გათვლილი სტრატეგიაა. ამაზე მეტყველებს შემდგომ ბოტების, ტროლების თუ ფიზიკური პირების დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ჩვენ, ყველამ ვიხილეთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი დოკუმენტია და ემსახურება სტრატეგიულ მიზანს, რომელიც გულისხმობს ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მტკიცე მხარდაჭერის გამოცხადებას და იმის აღნიშვნას, რომ დაუშვებელია ესკალაცია. ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს, გვაქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციები და როდესაც კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობთ, მით უმეტეს რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, ჩვენ ვითვალისწინებთ კონკრეტულ რჩევებს, კონსულტაციების შედეგად გაცვლილ პოზიციებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები