ჯანდაცვის სამინისტრო გაფიცულ სოციალურ აგენტებთან შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ გაფიცული სოციალური აგენტების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ის კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგა. კერძოდ, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზარდა. მათი შრომის ანაზღაურება 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდა, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები ექვსი ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლების ხელფასი 40%-დან 60%-მდე გაიზარდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს დასაქმებულთა წინაშე დგას.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში აქტიურად გაგრძელდეს სამომავლო საქმიანობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული განვითარება, როგორც დასაქმებულთა, ასევე ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების გეგმებზე მუშაობა მოლაპარაკების რეჟიმში წარიმართება.​

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები