სააკაშვილის ადვოკატები მის დაზარალებულად ცნობასა და ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ გამოკვლევას ითხოვენ – უფლებადამცველებმა პროკურატურას განცხადებით მიმართეს

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას ითხოვენ. ამის შესახებ მათ მთავარ პროკურატურას განცხადებით უკვე მიმართეს.

სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა მნიშვნელოვანია, რადგან ადვოკატებს მასალებზე წვდომა ჰქონდეთ.

ამასთან, გვარამიას თქმით, სააკაშვილს სრული სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, განსაკუთრებით კი – ნევროლოგიური და ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია, სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს სახელმწიფო ინსპექტორის უწყებაში. ჩვენ სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს მასალების გაცვლა-გამოცვლა, თუმცა, არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება, პირველ ყოვლისა, ეს არის წამების ამსახველი მთელი ვიდეომასალა, სრული მარშრუტი. ასევე, მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორსა და სახალხო დამცველს, აღნიშნულთან დაკავშირებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ამას გარდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ დაზარალებულად ვიქნებით ცნობილი. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორს მოვუწოდებთ, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ვიდეომასალა, რადგან ამასთან დაკავშირებით დაზარალებულ სააკაშვილის თანხმობა არსებობს. სააკაშვილი ასევე მოუწოდებს ინსპექტორის სამსახურს, მოხდეს აღნიშნული მასალის გამოქვეყნება.

ჩვენ ვითხოვთ საექსპერტო კვლევას ერთადერთი ფორმატით – ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება, ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არამედ – კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინო ექსპერტიზა, რაც სომატურ გამოკვლევას ნიშნავს თავიდან ბოლომდე, განსაკუთრებით ნევროლოგიურს და ასევე, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურს. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მხრიდან ექსპერტების დანიშვნას და ეს იქნება ცენტრი „ემპათია“. დანიშნოს სახელმწიფომაც თავისი ექსპერტები. ჩვენ გენერალურ პროკურატურისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან მოვითხოვთ აღნიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით უსწრაფესად გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც დაადგენს წამების შესახებ ფაქტებს, დაეყრდნობა სტამბოლის პროტოკოლს და არა უბრალო გაიდლაინებს, რომელიც საქართველოში არსებობს“, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები