“კრესტორის” ფასი თურქეთში 1.12, საქართველოში კი 15.00 ლარია – საქართველოში მედიკამენტების გაიაფება იგეგმება
საქართველოში მედიკამენტების გაიაფება იგეგმება.
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები შემოვა, რაც საქართველოში მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს. პრემიერის თქმითვე, ყველაზე მოთხოვნადი წამლები საქართველოში თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი.
მაგალითისთვის, მედიკამენტი “კრესტორი” რომლის მწარმოებელია astra zeneca და გამოიყენება კარდიოლოგიაში – თურქეთში შესასყიდი ფასია 1.12. საქართველოში 15.00. სხვაობა კი რასაც ფარმაცევტული კომპანიები მოგების სახით ხედავენ – 1241%-ია. იგივე მედიკამენტზე საცალო გასაყიდი ფასი დოლარში თურქეთში 1.64-ია, საქართველოში 17.78, სხვაობა კი 98.7%-ია.
მედიკამენტი “ეპიქსი”, რომლის მწარმოებელია abdi ibrahim და გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ – თურქეთში შესასყიდი ფასია 4.36, საქართველოში 29.70. სხვაობა 581%-ია. იმავე მედიკამენტზე საცალო გასაყიდი ფასი დოლარში თურქეთში 6.35, საქართველოში 33.97, სხვაობა 435%-ია.
ანტიბიოტიკი “აუგმენტინი” – რომლის მწარმოებელია UCB – თურქეთში შესასყიდი ფასია – 1.19, საქართველოში 5.18. სხვაობა კი 337%-ია. იმავე მედიკამენტზე საცალო გასაყიდი ფასი დოლარში თურქეთში 1.74, საქართველოში 5.98, სხვაობა 244 %-ია.
“ნექსიუმი”, მწარმოებელია ASTRA ZENECA და რომელიც გასტრო-ენტეროლოგიაში გამოიყენება თურქეთი 0.49, საქართველო 5.70. ხოლო სხვაობა 1057 %-ია. იმავე მედიკამენტზე საცალო გასაყიდი ფასი დოლარში თურქეთში 0.72, საქართველოში 7.23, სხვაობა 899 %-ია.
მედიკამენტების გაიაფების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება დღეს გააკეთა. მისივე თქმით, შესაბამის განკარგულებას ხელი მთავრობამ დღეს მოაწერა.