ვახტანგ ძაბირაძე: ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ვარგა, მის წინამორბედს არ ათავისუფლებს ცოდვებისგან

“ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ვარგა, მის წინამორბედს არ ათავისუფლებს ცოდვებისგან. ზოგიერთი იქამდეც მივიდა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აშინებს, თუ მიხეილ სააკაშვილს გაასამართლებთ, თქვენც იგივე მოგიწევთო”, – ამის შესახებ ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, სააკაშვილი უამრავ პრეტენზიას უყენებს დღევანდელ ხელისუფლებას – უსამართლობას, კორუფციის ზრდას და ა.შ., მაგრამ უნდა იცოდეს, რომ იმ სახელმწიფოში, რომლის შექმნასაც იბრალებს, ბევრი არაფერი შეცვლილა.

“დავიწყოთ იმით, რომ ამ ორი გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა სიტყვის თითქმის 50% ერთსა და იმავეზე ილაპარაკა, ანუ გამუდმებით იმეორებდა, რომ მისი პრეზიდენტობისას სახელმწიფო აშენდა, რომ სიბნელიდან სინათლეში გაგვიყვანა და ა.შ. სხვა მხრივ, სცადა შეეფასებინა დღევანდელი ვითარება და დაერწმუნებინა საზოგადოება კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს მართავს პუტინი, მისი მოადგილე თუ მეფისნაცვალი კი ივანიშვილია… პირველი საქმის განხილვისას ვნახეთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის ამბები ლამის მთლიანად აჰკიდა ვანო მერაბიშვილს. მეორე სასამართლო სხდომაზე თითქოს საპროგრამო სიტყვის მსგავსიც წარმოთქვა, ანუ რა უნდა გაკეთდეს, ამაზე ჰქონდა აქცენტები: რომ სუს-ი უნდა გაუქმდეს, ტურიზმის მასშტაბი და ხარისხი გაიზარდოს, ქვეყანა სინგაპურად იქცეს და ა.შ. მისი სიტყვით გამოსვლების მცირე ნაწილი იყო თავის მართლებისა და მობოდიშების ცდა. მნიშვნელოვანია რას ლაპარაკობს ადამიანი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამას როგორ იღებს მსმენელი. თუ მის მობოდიშებას დანარჩენ მის ტექსტთან მიმართებაში განვიხილავთ, უფრო ვალის მოხდას ჰგავდა მისი ბოდიში, ძალიან აკლდა გულწრფელობა. შეგვიძლია სხვაგვარადაც ვთქვათ, სააკაშვილმა ბოდიში მოიხადა მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება, გულის სიღრმეში კი სულაც არ მიიჩნევს, რომ რამე დააშავა. სინანულიც დიდად ვერ შევამჩნიე… ერთ რამეს მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება, რაც, ჩემი აზრით, ნამდვილად საოცარი განცხადებაა. სააკაშვილმა თქვა, რომ სასამართლოს რეფორმა არ და ვერ შეძლო და რომ ეს მიაჩნია თავისი პრეზიდენტობის ყველაზე სუსტ წერტილად. თუ ამ განცხადებას დავუპირისპირებთ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების განცხადებებს, რომ ის არის “ახალი ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელი”, უეცრად აღმოვჩნდებით რეალობაში, რომ სააკაშვილმა და დანარჩენებმა ააშენეს სახელმწიფო, სადაც სამართალი არ არის. ნამდვილად ასეა და ასეთ სახელმწიფოში კარგა ხანია ვცხოვრობთ, ოღონდ რა არის საამაყო უსამართლო სახელმწიფოს შექმნაში, არ ვიცი.

სახელმწიფო იძულების ინსტრუმენტია, ერთადერთი, რაც მის ძალას ზღუდავს და აკონტროლებს, არის სამართალი. თუ სამართალი არ არის ქვეყანაში, მაშინ სახელმწიფო იქცევა აგრესიული ავტორიტარიზმის წყაროდ. ერთი რამეც აუცილებლად უნდა ვთქვა – სასამართლო რომ არ ვარგოდა და ქვეყანას სამართალი სჭირდებოდა, სააკაშვილმა ამაზე ლაპარაკი დაიწყო ხელისუფლებაში მოსვლამდე, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობისას. ბევრს ახსოვს, ალბათ, მათი პერფორმანსები, უზენაესი სასამართლოს შენობასთან მიტანილი კუბოები და ა.შ. ანუ სააკაშვილმა ეს პრობლემა მშვენივრად იცოდა, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, გადაწყვიტა, რომ თავისუფალი სასამართლო არ სჭირდებოდა. სააკაშვილი დღეს უამრავ პრეტენზიას უყენებს ამ ხელისუფლებას: უსამართლობას, კორუფციის ზრდას და ა.შ., მაგრამ უნდა იცოდეს, რომ იმ სახელმწიფოში, რომლის შექმნასაც იბრალებს, ბევრი არაფერი შეცვლილა. ისევე როგორც მისი მმართველობისას, დღესაც უსამართლო სახელმწიფო გვაქვს. უბრალოდ, ეს ხელისუფლება წინამორბედისგან განსხვავებით ნაკლებად აგრესიული, უფრო პასიური ავტორიტარია. ისმის კითხვა: დღევანდელი ხელისუფლება რომ არ ვარგა, ეს ამართლებს წინა ხელისუფლებას? – რა თქმა უნდა, არა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საპირისპირო, ყოვლად არასწორი ლოგიკა მარტო პოლიტიკოსებში კი არა, საზოგადოების დიდ ნაწილშიც გვხვდება. ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ვარგა, მის წინამორბედს არ ათავისუფლებს ცოდვებისგან. ზოგიერთი იქამდეც მივიდა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აშინებს, თუ სააკაშვილს გაასამართლებთ, თქვენც იგივე მოგიწევთო.

მოდი, განვიხილოთ ერთი ეპიზოდი, შვილის დაფინანსების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობისას ბევრი სტუდენტი დააფინანსეს და მისი შვილიც მათ შორის იყო. არ ვდავობ, მართლაც იღებდნენ ახალგაზრდები დაფინანსებას, დარწმუნებული ვარ, მისი ვაჟიც იმსახურებდა, რადგან ამბობენ, რომ ძალიან ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მაგ საქმეში ერთი ძალიან საჩოთირო შეკითხვა არსებობს – იმ ხალხზე დახარჯულ თანხებსაც, რომელთა სწავლაც ბიუჯეტიდან დაფინანსდა, გრიფი “საიდუმლო” დაადეს? ვიმეორებ, ვისი შვილიც უნდა იყოს, ნიჭიერი ახალგაზრდა, ვინც აკმაყოფილებს დაფინანსებისთვის საჭირო კრიტერიუმებს, უნდა დაფინანსდეს, მაგრამ რატომ საიდუმლოდ?! ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვებს… იგივე ითქმის ამ საქმის სხვა ეპიზოდებზეც. თუ ყველაფერი რიგზე იყო, რა საჭირო იყო ამ ხარჯების გასაიდუმლოება?! თუმცა მე რასაც ვამბობ, კერძო, საქმეში ჩაუხედავი ადამიანის შეფასებებია, პროკურატურას კი აქვს ვალდებულება, რომ ყველა ამ ეპიზოდზე ილაპარაკოს ფაქტებით და თუ დანაშაული მართლაც ჩადენილია, ზედმიწევნით დაასაბუთოს.

საქმე ის არის, რომ ოპოზიციაში არის ორი მხარე: ერთია “ნაციონალური მოძრაობა” და მეორე – დანარჩენი ოპოზიცია ჯამურად. ამ ჯამურ ოპოზიციას დაბალი ბარიერი ხელს აძლევს, მაგრამ ასე სულაც არ ფიქრობდა და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასეა, “ნაციონალური მოძრაობა”.. ის საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მაღალი ბარიერის შემთხვევაში ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი მას მისცემს ხმას და არა პატარა პარტიებს, რომელთაც ამ მაღალი ბარიერის გადალახვის შანსი არ ექნებათ. გახსოვთ, ალბათ, დიდი ჩხუბის, კამათისა და უცხოელი პარტნიორების ჩარევის შემდეგ შარშანდელი არჩევნები ჩატარდა დაბალი ბარიერით. ოპოზიციამ საკმაოდ დიდი მხარდაჭერაც მიიღო, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, ეს გამოეყენებინათ, ერთიანი ძალით მალევე შეეტიათ ხელისუფლებისთვის და ეცადათ საპარლამენტო უმრავლესობისთვის პრობლემის შექმნა, ისევ ქუჩაში გაიქცნენ და საბოლოოდ დაიკარგა ძალიან მნიშვნელოვანი დრო.

სამწუხაროდ, ოპოზიცია ბოლო დროს ვერ ხედავს პრიორიტეტებს და მისთვის მნიშვნელოვან ტაქტიკურ სვლებს. მას სურს ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რაც დასაძრახი სულაც არ არის, მაგრამ იქამდე მისასვლელად აქვს მხოლოდ ერთი გზა – ქუჩაში პროტესტი, არადა, ამით არაფერი გამოდის. “ქართულმა ოცნებამ” ეს მშვენივრად იცის. ამიტომაც, თუ შარშანდელი საპროტესტო აქციებიდან დღემდე გადავავლებთ თვალს პოლიტიკურ პროცესებს, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამგვარი დაპირისპირება მოიგო სახელისუფლებო პარტიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩათვლით. ოპოზიცია ისევ არაფერს ცვლის – როგორც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქცეოდა, ახლაც, უკვე ადგილობრივი საკრებულოების დონეზე, ისევე იქცევა. სადაც კვორუმის შეკრებას და თავმჯდომარის არჩევას ოპოზიციური ხმები სჭირდებოდა, ყველგან ჩაიშალა სხდომები”, – დაასკვნის ექსპერტი.

არ არის ჩვენს საზოგადოებაში ისეთი საპროტესტო განწყობა, რომ ხალხი ქუჩაში მასობრივად გამოვიდეს. ხანდახან მიკვირს, რატომ ვერ ხედავენ ამას. 2 სასამართლო სხდომა ჰქონდა სააკაშვილს. პირველზე ხალხს მოუწოდა, მოდით სასამართლოს შენობასთანო. მერე რა მოხდა, მივიდა აურაცხელი ხალხი? არ არის ეს საპროტესტო მუხტი. თუ “ნაციონალური მოძრაობა” ასე გააგრძელებს,”ქართული ოცნება” კვლავაც შეეცდება გამოიყენოს ეს არეულ-დარეულობა და სულაც არ მიიღოს დაბალი საარჩევნო ბარიერი, რაც სახელმწიფოსთვისაა აუცილებელი. ქვეყანას სჭირდება, რომ ამ პატარა პარტიებმა მოახერხონ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა… კობახიძემ თქვა, ორიოდე ქვეყანა თუ მოიძებნება ევროპაში, სადაც 5%-ზე დაბალია ბარიერიო, და ამას მოაყოლა, დაბალი ბარიერით შეიძლება არასტაბილური გარემო მივიღოთ, ჭრელი იქნება პარლამენტი და გადაწყვეტილებების მიღებას ვერ შევძლებთო… რაც ახლა ზოგიერთი ქალაქის თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხდება, განა ოპოზიცია მის ამ ნათქვამს არ ამყარებს?! ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მართლაც დატოვოს 5%-იანი ბარიერი.

ოპოზიციამ უნდა გაიგოს, რომ ლიდერს რეალობა ქმნის და ეს არ ხდება პირიქით. სააკაშვილმა რამდენიც უნდა მოუწოდოს ხალხს, საკარმიდამო ნაკვეთებში შექმენით წინააღმდეგობის კომიტეტებიო, მერე რა იქნება, შექმნიან და სახლში დასხდებიან?! დღეს არ არის საზოგადოება მასობრივი პროტესტისთვის მზად. ხვალ შეიძლება იყოს, მაგრამ პოლიტიკა დღევანდელობის რეალიზაციაა და არა ხვალინდელი დღის. რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანებას, ამაზე ფიქრობენ, განიხილავენ, აანალიზებენ? რაც შეეხება “ოცნების” განცხადებას, რომ 2024 წელს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრებაზე გააკეთებს განაცხადს, თუ არ დავიწყებთ მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას, ევროკავშირში გაწევრების განაცხადი განაცხადად დარჩება, ისევე როგორც ნატოსთან ურთიერთობა. “ქართული ოცნება” გვიმტკიცებს, მიუხედავად დასავლეთიდან კრიტიკისა, ჩვენ გველაპარაკებიან და დიდი პერსპექტივებიც გვაქვსო, მაგრამ ეს უფრო მათ პიარად განიხილება, ვიდრე რეალურ სურვილად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი… ჩვენ ამიერკავკასიაში უდიდესი როლის თამაში შეგვიძლია, თუ მართლაც გავატარებთ იმ რეფორმებს, რომელთაც დასავლეთი მოითხოვს და რაც ქართული სახელმწიფოსთვის აუცილებელია. ეს ქვეყანაში კარდინალურად შეცვლის ვითარებას. ჩვენთან ამ რეფორმებს განიხილავენ როგორც ევროკავშირში შესვლის პირობას. არადა, მას სხვაგვარად უნდა შევხედოთ – ამით ჩვენი სახელმწიფო წავა წინ, მისი როლი გაიზრდება რეგიონში. განცხადებები კი არ არის საჭირო იმაზე, რომ ჩვენი კურსი დასავლურია, საქმე გვჭირდება”,- განაცხადა ძაბირაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები