თეა წულუკიანი – „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელზე: გასაჩივრება მათი უფლებაა, მაგრამ დიდი გასაჭირი ექნებათ
გასაჩივრება მათი უფლებაა, მაგრამ გასაჭირი ექნებათ დიდი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ საკონსტიტუციო სარჩელებზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
თეა წულუკიანი სააკაშვილის გუნდის სარჩელებს, სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების სურვილსა და ოპოზიციური პარტიის უჭკუობას უკავშირებს.
„ამას ვუკავშირებ სტრასბურგის სასამართლოს ან უჭკუობას, რისი მაგალითიც მრავლად მოგვცეს ბოლო დროს. ზოგადად, არათანმიმდევრულობა არის ერთ-ერთი დამღუპველი პოლიტიკაში. კიდევ არის რამდენიმე ოქროს წესი, ერთი ამ ოქროს წესთაგან არის თანმიმდევრულობა. ეს მათ აკლიათ და შეიძლება ამას მივაწეროთ. მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ უფრო ევროპული სასამართლოსკენ უჭირავთ თვალი. ევროპულ სასამართლოს ვერ მიმართავენ, თუ შიდა გასაჩივრების გზები არ ამოწურეს. ამ შემთხვევაში შიდა გასაჩივრების გზად შეიძლება ჩაითვალოს საკონსტიტუციო სასამართლო, ალბათ ამას ცდილობენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ მხრივ დიდი გასაჭირი ელოდება.
„გასაჩივრება მათი უფლებაა. ისინი, რა თქმა უნდა, შეეცდებიან ნებისმიერ პარაგრაფს ჩვენი დასკვნიდან სამართლებრივი გზით შეეწინააღმდეგონ, მაგრამ გასაჭირი ექნებათ ძალიან დიდი. ჩვენს დასკვნაში, ძალიან ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ არც ერთი წინადადება არ არის, რომელიც არ ეყრდნობა ფაქტებს, არ ეყრდნობა წყაროებს. თუ მართლა წავიდა საქმე სტრასბურგამდე ამ დოკუმენტებს იქ წარვადგენთ“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ასაკრძალ პარტიებთან, მათივე ქცევიდან გამომდინარე, კონსტრუქციული დიალოგის ყველა რესურსი ამოწურა.
„ჩვენ დავრწმუნდით და საზოგადოების დიდი ნაწილიც, რომ მათთან არანაირი რესურსი კონსტრუქციული დიალოგის, მათივე ქცევიდან გამომდინარე, არ არსებობს. მათი დღის წესრიგი არის დესტრუქციული, ისინი მუშაობენ იმ იდეალისთვის, რასაც თავადვე დაარქვეს „ბოლომდე“, მათი მიზანია არეულობა და დამხობა. ისინი ხელყოფდნენ და განგრძობითად ხელყოფენ კონსტიტუციურ წყობილებას, ადამიანის უფლებებს, ფუნდამენტურ უფლებებს, შესაბამისად ჩვენ მათთან დიალოგის ყველანაირი რესურსი გამოვიყენეთ და მათივე ქცევის გამო ეს რესურსი ამოიწურა“, – განაცხადა წულუკიანმა.