იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს რეკომენდაცია გაუწია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატიდან ოთხივეს – გენადი მაკარიძეს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს პლენარულ სხდომაზე წარსადგენად რეკომენდაცია გაუწია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, 2019 წელს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცედურის მიხედვით მიმდინარეობს და საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა მონიტორინგი გაუწიოს ამ პროცესს.

„მადლობა ამისთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ვინაიდან სწორედ მათი მხარდაჭერით განვახორციელეთ ჩვენ ეს ცვლილებები. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ პროცესი, როდესაც საპარლამენტო სუბიექტებთან ერთად იურდიულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილნი არიან პროფესიული საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და აკადემიურ სფეროს წარმომადგენლები. მათ აქვთ სრული შესაძლებლობა გააჟღერონ იმ საზოგადოების შეკითხვები, ვისაც ისინი წარმოადგენენ. ეს ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რათა პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური და ეს პროცესი უზრუნველყოფილი იყო”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ჯგუფების გარკვეულმა ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო პროცესში. „თუმცა ჩვენ არ და ვერ ვიქნებით ორიენტირებული „ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგზე. ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” გავურიგდეთ, რომელ მოსამართლეს ავირჩევთ. ეს ჩვენი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი ამოცანაა ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებულად მივიღოთ გადაწყვეტილებები.

დღეს სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გადატვირთულობა. ამიტომ, საზოგადოების წინაშე ჩვენ გვაქვს ვალდებულება უზრუნველვყოთ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის მოსამართლეთა არჩევა, რათა საქმეები იყოს გადანაწილებული ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ უწევდეთ ლოდინი საქმეებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მან მადლობა გადაუხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების „ევროპელი სოციალისტების” და „მოქალაქეების” წარმომადგენელებს საპარლამენტო ცხოვრებაში სრული ჩართულობისთვის და პროცესში მონაწილეობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები