თამარ გაბუნია: საბედნიეროდ, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის
“საბედნიეროდ, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის, ჩვენ დღეს მუშაობა იმ ჯგუფთან გვჭირდება, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა და გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს, საჭიროა პოზიტიური კამპანია.
„ვაქცინაციის კამპანიას დაეხმარება თანმიმდევრული და პოზიტიური მესიჯები, რაც გააძლიერებს ვაქცინაციის მიმართ დადებით განწყობას და არ შექმნის კიდევ მეტ ეჭვს, რაც ბევრ შემთხვევაში ნამდვილად არის. მექანიზმს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ არის ბაზისური და სტანდარტული მიდგომები ინფორმირების სახით. გარდა ამისა, ფინანსური სტიმული, რომელიც მუშაობს. ყველა მხრიდან საჭიროა მეტად თანმიმდევრული და პოზიტიური კამპანია იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს წარმატებით.
საბედნიეროდ, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის. ზოგადად, ამაზე ჩვენი გამოცდილებაც მიუთითებს. ჯგუფი, რომელიც არცერთ შემთხვევაში ვაქცინაციის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არ არის დიდი, რაც ჩვენთვის საიმედო მაჩვენებელია. ჩვენ დღეს მუშაობა იმ ჯგუფთან გვჭირდება, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა და გარკვეული სიკეთე უნდა დაინახოს“, – განაცხადა გაბუნიამ.