შალვა პაპუაშვილი: უკრაინა-რუსეთის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამას ადასტურებს აშშ-ის ადმინისტრაცია

“უკრაინა-რუსეთის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამას ადასტურებს აშშ-ის ადმინისტრაცია,”- ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ომის დასრულებას შეუწყობს ხელს მნიშვნელოვანია.

„არ მგონია, ჩვენი შესაფასებელი იყოს [წერილი]. ჩვენ გულშემატკივრობთ ამ [უკრაინა-რუსეთის] ომის დასრულებას, ვინაიდან ყოველი დღე ამ ომისა, ნიშნავს დამატებით ტანჯვას უკრაინელი ხალხისთვის. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა ყოფილიყო გამოყენებული მშვიდობის დასამყარებლად. სამწუხაროდ, ასეთ მიდგომებს ვერ ვხედავთ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მხრიდან. ვხედავთ, როგორ აქეზებენ ამ კონფლიქტის გაგრძელებას. შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყებიდან 2 თვეში, 2022 წლის აპრილში, სტამბოლში პარაფირებული იქნა სამშვიდობო შეთანხმება, უკრაინული და რუსული დელეგაციების ხელმძღვანელების მხრიდან.

უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა დავით არახამია და მისი განცხადებაა, რომ უკრაინისთვის მისაღები პირობები იყო, დაბრუნდნენ კიევში, იქ ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩაშალა შეთანხმება. ამის შემდეგ უკრაინა ომობს უკვე ოთხი წელია და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მშვიდად დადის და კონფერენციებს და სემინარებს ატარებს. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სხვა ქვეყნის ბედის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ ომამდეც გამოიჩინეს დასავლურმა ქვეყნებმა. ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამას ადასტურებს აშშ-ის ადმინისტრაცია და ვერ შეძლო ეს ევროკავშირმა, ნატომ, მაშინდელმა დასავლურმა სამყარომ. ამ ომის დასრულება შეიძლებოდა თავშივე. ამას ადასტურებს უკრაინის ხელისუფლება. ნებისმიერი ინიციატივა, რომ ომი დასრულდეს, მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია, რომ მეტ-ნაკლებად მისაღები პირობები იყოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები