ილია დარჩიაშვილი: 2021 წლის მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსაციის მაჩვენებელში საქართველოს პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა, რითაც ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებსა და ევროპის 20 მოწინავე ქვეყანას შორის

‘ახლახან გამოქვეყნებული კვლევის შესაბამისად, საქართველომ 2021 წლის მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსაციის მაჩვენებელში 8 ადგილით გააუმჯობესა საკუთარი პოზიცია, რითაც ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებსა და ევროპის 20 მოწინავე ქვეყანას შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსს გამოეხმაურა, რომელიც ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა –  SolAbility გამოაქვეყნა. ილია დარჩიაშვილის შეფასებით, საერთაშორისო ინდექსაციებსა და კვლევებში საქართველომ კვლავ კონკრეტული, ხელშესახები შედეგი აჩვენა, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას საერთაშორისო ასპარეზზე, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანას პოსტპანდემიურ პირობებში ეკონომიკის სწრაფად აღდგენაში დაეხმარება.

“კვლევა ეფუძნება სხვადასხვა მიმართულებას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, როგორიც არის სერვისების მიწოდების ხარისხი, ბიზნესგარემო, კორუფციის მაჩვენებელი, ინფრასტრუქტურა, ფინანსური მდგრადობა, რაც, ჯამურად, ხელს უწყობს ქვეყნის მომავალ სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას”, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა და მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. ინდექსში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია შარშანდელთან შედარებით 8 ადგილით გაიუმჯობესა. მთავრობის ეფექტიანობით საქართველო შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ლიდერობს. შეფასების 100%-იანი შკალით საქართველომ 62% აიღო, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია.

რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, კანადა, ნიდერლანდები, ავსტრალია, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, შვედეთი, ისრაელი, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ა.შ. მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი მსოფლიო ბანკის, გაეროს პროფილური ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების გამოკვლევებს ეფუძნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები