დიმიტრი ხუნდაძე: სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება მედპერსონალმა უნდა გადაწყვიტოს და არა – ადვოკატებმა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება მედპერსონალმა უნდა გადაწყვიტოს და არა ადვოკატებმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობა დაცულია.
“მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება მედპერსონალმა უნდა გადაწყვიტოს და არა – ადვოკატებმა. ჩვენ ვიცავთ ნებისმიერი მოქალაქისა და მსჯავრდებულის, ვინც არ უნდა იყოს ეს, მიუხედავად გვარისა, სახელისა და პოლიტიკური თანამდებობისა, მათ როგორც ჯანმრთელობას, ასევე, სხვა უფლებრივ მდგომარეობას. მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ პროცესს, მაგრამ კლინიკურ საკითხებში ჩართულები არიან მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტები. მათი შეფასებით კი, დღეს რაიმე სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკი არ არსებობს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. თუკი მისი მდგომარეობა იქნება ისეთი, რომ დასჭირდება სტაციონალური მომსახურეობა, ამისათვის არსებობს თვითონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საავადმყოფო, სადაც ყველა რესურსია იმისა, რომ მას სამედიცინო მომსახურება გაეწიოს. მაგრამ თუ ეს რესურსიც არ იქნება საკმარისი, მაშინ, რა თქმა უნდა, თუ იქნება რეკომენდაცია, რომ ის გადავიდეს სხვა ტიპის მრავალპროფილურ დაწესებულებაში, ასეც მოხდება. იქვე დგას ბრიგადა, მის პულსზე უდევთ ხელი და თუკი საჭიროება მოხდება, მოხდება მისი ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში.
არსებობს მრავალსაფეხურიანი კონტრტოლის მექანიზმი, რომ იყოს დაცული მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სხვა უფლებრივი მდგომარეობები. საქმეში ასევე ჩართულია სახალხო დამცველი და ამ ჯგუფში ის მუდმივად ესწრება ყველა შეხვედრას,” – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.