გია აბაშიძე: ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან რეალისტურად მიუდგა საარჩევნო კამპანიას, „ნაცმოძრაობამ“ საზოგადოებას აკადრა გამოგონილი, ყალბი დაპირებები
როგორ მიმდინარეობს მზადება მეორე ტურისთვის და რომელი ძალა რას სთავაზობს ამომრჩეველს. რა მნიშვნელობისაა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატებს ჰქონდეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმები და მუნიციპალიტეტის განვითარების საკუთარი ხედვა და რა როლი შეასრულა 2 ოქტომბრის არჩევნებზე ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ. ამ საკითხებზე „კვირა“ ანალიტიკოს გია აბაშიძეს ესაუბრა.
როგორც აბაშიძე აცხადებს, ოპოზიცია, კონკრეტულად კი „ნაცმოძრაობა“ ამომრჩეველს ყალბ დაპირებებს სთავაზობს.
„ის, რაც ჩვენ ვნახეთ არჩევნების პირველ ტურამდე, იყო რადიკალური ოპოზიციის მზადება რეფერენდუმისთვის. ამ ე.წ. რეფერენდუმში, როდესაც ოპოზიციის მახინჯი გეგმები ჩავარდა, გადაერთნენ, რეალურად, უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. თუმცა, „ნაცმოძრაობამ“ საზოგადოებას აკადრა ის გამოგონილი, ყალბი დაპირებები, რასაც ნიკა მელიას ბანერებზე ვხედავთ. მე არ მინდა, დავიჯერო, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძველი წევრები ვერ ერკვევიან ხელისუფლების პოლიტიკური შტოების კომპეტენციაში, მაგრამ ეჭვი მაქვს, ეს სლოგანები, რაც შეთანხმდა პარტიის პოლიტსაბჭოზე, წარმოდგენილი იყო პარტიაში შესული, ნიკა მელიას მიერ რეკომენდებული ახალგაზრდა, გამოუცდელი, არაკომპეტენტური ე.წ. პოლიტიკოსების მიერ.
რაც შეეხება გეგმებს, ეს ყველაფერი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის აბსოლუტურად სასაცილო და დაუჯერებელიც. წარმოუდგენელია, რომ ნიკანორ მელიამ გაიმარჯვოს თბილისში და, ასევე, კიდევ ერთი არაკომპეტენტურობა ჩანს „ნაცმოძრაობის“, რომ თუნდაც გაიმარჯვოს ნიკანორ მელიამ, უნდა იცოდეს, რომ ვიცემერებს, გამგებლებს, მერიის სამსახურის უფროსებს მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო, სადაც უმრავლესობა უკვე მოპოვებული აქვს „ქართულ ოცნებას“. თეორიულადაც რომ დავუშვათ მელიას გამარჯვება, წარმოუდგენელია, იურიდიულად, პოლიტიკურად, რომ მისი წარდგენილი პირები დაამტკიცოს „ქართული ოცნების“ საკრებულომ. სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს სამარცხვინო, დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც საკუთარ ილუზიებში არის გაჭედილი“, – განაცხადა გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნების კამპანიამ ცხადყო, რომ „ქართული ოცნების“ გეგმები რეალისტურია და გათვალისწინებულია ეკონომიკური თუ სოციალური ფაქტორები.
„ამ არჩევნებმა დაგვანახა, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან რეალისტურად მიუდგა საარჩევნო კამპანიას. გასცა ის რეალისტური დაპირიბები, რა პოტენციალიც არის ქვეყანაში ეკონომიკურად და სოციალურად. განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, ოპოზიციის უდიდეს ნაწილში არის ის ტრადიციული სადღეგრძელოები და ლოზუნგები, რომელიც მათ ახასიათებდათ. არანაირი პოლიტიკური პროგრამები, არანაირი გათვლაზე დაფუძნებული დაპირბები, მხოლოდ პოპულიზმი და სლოგანებზე დაფუძნებული დაპირებები. სამწუხაროა, რომ ეს რეალობ, ჩემი ვარაუდით, აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ, რადგან საქართველოს პოლიტიკურ ველს ჟანგბადივით სჭირდება კონტრუქციული, რეალისტური ოპოზიცია“, – აღნიშნა აბაშიძემ.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ფაქტორს, აბაშიძე აღნიშნავს, რომ
გახარია ირიბად თუ პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ თამაშში ჩაერთო.
„ფაქტია, რომ, 18 თებერვლის შემდეგ, როცა გიორგი გახარია გადადგა პრემიერობის პოსტიდან მისი ნებით, მან პირდაპირ თუ ირიბად შეასრულა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური თამაშის მიზნები. ფაქტია ისიც, რომ გახარიამ ამ არჩევნებში ითამაშა სათადარიგო ბორბალის ფუნქციას, მოპარა რა „ქართულ ოცნებას“ 7-8% ხმები. გახარიას ფაქტორმა თბილისში ასევე მოპარა ხმები კახა კალაძეს და გახარიას ფაქტორის გარეშე არ იქნებოდა მეორე ტური. მაგრამ ეს ხანმოკლე მიზნები, რომელიც დესტრუქციულ სააკაშვილის პარტიას ახასიათებს, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად ემსახურება გახარია, უკვე გამოიკვეთა. თუნდაც თბილისში, თუნდაც მუნიციპალიტეტებში. გახარიას თუ უნდა, ოპოზიციონირებდეს კონსტრუქციულ ოპოზიციურ პარტიად, უნდა შეეშვას იმ მიმზიდველ მაგნიტს, რასაც სააკაშვილის ფლანგი ჰქვია და მახინჯ პოლიტიკურ სენს ქართულ რეალობაში. ოპოზიციონერობა არ ნიშნავს, გადაუმოწმებელი განცხადებებით ბრალი წაუყენო ხელისუფლებას. ოპოზიციონერობა ნიშნავს, რომ დაინახო ხელისუფლების პლუსები და მინუსები. უმთავრესი, რაც არის, წარმოადგინო შენი თავი და პარტია ისე, რომ რეალისტური დაპირებები გასცე, დაარწმუნო ამომრჩეველი, რომ შენ უკეთესი ხარ მმართველ პარტიაზე“, – დასძინა ანალიტიკოსმა.