კარლ ჰარცელი: თვალყურს ვადევნებთ ყოფილი პრეზიდენტის საქმეს, მოველით გამჭვირვალე, სამართლიან სასამართლო პროცესს
“ცხადია, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოფილი პრეზიდენტის საქმეს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მიხელ სააკაშვილზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოლოდინია, რომ იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესი.
ჰარცელი სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპელი პოლიტიკოსების წერილსაც გამოეხმაურა.
„ევროპული პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომელიც ხელს აწერს ამ წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპარლამენტის მუშაობაში და, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და თავად საქართველოზე. მე, როგორც ყოველთვის, კომენტარს არ გავაკეთებ წერილზე, რომელსაც ინდივიდუალურად აწერენ ხელს დეპუტატები, ასევე, არ გავაკეთებ კომენტარს იმ კომენტარებზე, რომელიც ამ წერილთან დაკავშირებით გუშინ გაკეთდა. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის დელეგაციის მუშაობას საქართველოში, ცხადია, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოფილი პრეზიდენტის საქმეს. ჩვენი ყურადღება ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობაზეა მიპყრობილი, რაც ფუნდამენტური საწყისია ევროკავშირისთვის. ჩვენ გამჭვირვალე და სამართლიან სასამართლო პროცესს მოველით, რომელიც ამ საქმეებთან დაკავშირებით წარიმართება. ჩვენ ვიღებთ და მივყვებით რჩევებსა და შეფასებებს, რომლებსაც ვიღებთ მთავარი მხარეებიდან, მათ შორის, სახალხო დამცველისგან, რომელსაც სპეციფიკური მანდატი გააჩნია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.