ლევან რატიანი: იწყება სეზონური, სასუნთქი გზების ინფექციების გავრცელება, ეს ნიშნავს, რომ ორი ინფექციის გავრცელება ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, მათ კლინიკაში უკვე 12 დღეა თავისუფალი ადგილი არ არის.

მისივე თქმით, სეზონური ვირუსები ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

“ჩვენ კლინიკაზე მინდა, გითხრათ, რომ ბოლო 12 დღეა, არცერთი თავისუფალი ადგილი კლინიკას არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ცუდი ინდიკატორია.

როგორც ამბობენ ეპიდემიოლოგები, ეს არის მე-5 ტალღის დასაწყისი და რაც წინა პერიოდში მახსოვს და გადავხედე, ასეთი მაღალი რიცხვით არცერთი ტალღა არ დაწყებულა. ანუ თუ ეს ტალღის დასაწყისია, როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან. წარმოიდგინეთ, რა იქნება პიკის ფაზაში.

თან მეორე მომენტია, უკვე იწყება სეზონური, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გავრცელება. ეს ნიშნავს, რომ ორი ინფექციის გავრცელება შეიძლება, მოხდეს პოპულაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის, ვინაიდან, შესაძლებელია, რომ ამ ორივე ვირუსით დაინფიცირდეს ადამიანი, ან იყოს ერთი, როდესაც არის სეზონური გრიპი და ამ დროს იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას ამ ვირუსთან ბრძოლაში და მას თუ ამის შემდგომ დაემატა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ის უფრო დაამძიმებს ადამიანების მდგომარეობას,” – განაცხადა ლევან რატიანმა “რუსთავი 2-ის” გადაცემაში – “დილა მშვიდობისა საქართველო”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები