„ბათუმი თავის სახეს, იდენტობას კარგავს, გენგეგმის მთავარი ამოსავალი წერტილი ის იქნება, რომ როგორმე ქალაქს სახე შევუნარჩონოთ“ – მამუკა სალუქვაძე

“ბათუმის გენგეგმის მთავარი ამოსავალი წერტილი ის იქნება, რომ, როგორმე, ქალაქს სახე შევუნარჩუნოთ”, – ამის შესახებ ბათუმის გენგემაზე მომუშავე ორგანზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალუქვაძის თქმით, ბათუმი თავის სახესა და იდენტობას კარგავს.

„სწორედ ბათუმში ჩვენს ყოფნას დაემთხვა ის ტრაგედია, რაც მოხდა. უნდა ითქვას, რომ ბათუმში ქაოსურ განაშენიანებასთან დაკავშირებით საკმაოდ ცუდი, მძიმე მდგომარეობაა. ამას დიდი სპეციალისტობა არ სჭირდება, თითოეული თქვენგანიც კარგად ხედავს, ვინც ბოლო პერიოდში ბათუმში ყოფილა. ესეც გუშინდელი პრობლემა არ არის, ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია, რომელიც ჩვენთვის თვალსაჩინოა.

ის შენობა, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა, მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდის შენობას განეკუთვნებოდა, 5-სართულიანი იყო და 2 სართული დაშნებული ჰქონდა. ახლა საუბარია იმაზე, რამდენად ხარისხიანია ის ახალი მშენებლობები, რომლებიც ბათუმში მრავლადაა. კონტროლის მექანიზმის სისუსტე იმაზეც აისახება, რომ ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაა, ზუსტი ინფრომაცია არ გვაქვს . იგივე გორგასლის ქუჩაზე, საკმაოდ დიდი ბზარებით, პრაქტიკულად, გადახსნილ შენობას ვხედავთ. ხომ ვერ ვიტყვით, რომ ეს მდგრადი შენობაა და არავის არაფრის უნდა ეშინოდეს? მსგავსი სურათის დანახვა ყველას გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულწილად, ხარისხთან დაკავშირებით პრობლემებია. კონტროლისა და მონიტორინგის გამკაცრება სწორედ ამას სჭირდება.

არის უამრავი სხვა პრობლემაც. ბუნებრივია, სწორედ ამიტომაც არის, რომ დღის წესრიგში გენგეგმის შემუშავება დადგა. უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი ორი წლის განმავლობაში ორჯერ ჩაიშალა, მესამედ – როგორც იქნა – გაკეთდა.

ჩვენ ახლა, პრაქტიკულად, ჯერ კვლევის ეტაპზე ვართ. ჩვენი პირველადი დასკვნა არის ის, რომ ბათუმი თავის სახეს, იდენტობას კარგავს. ალბათ, გენგეგმის მთავარი ამოსავალი წერტილი ის იქნება, რომ როგორმე ბათუმს სახე შევუნარჩონოთ. იმიტომ, რომ ბათუმი სწორედ ამით იყო ფასეული, ძვირფასი“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები