ნინო წილოსანი – მოლდოვის და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე: ეს არ იყო გათვლილი იმაზე, რომ თქვენ რეიტინგს პრობლემა შეჰქმნოდა, რასაც ახორციელებენ ის არის, რომ ადგილობრივ რადიკალურ ძალებს აძლევენ სუსტ სიგნალებს, რომ ისულდგმულონ
ეს არ იყო გათვლილი იმაზე, რომ თქვენ რეიტინგს პრობლემა შეჰქმნოდა. რასაც ახორციელებენ ის არის, რომ ადგილობრივ რადიკალურ ძალებს აძლევენ სუსტ სიგნალებს, რომ ისულდგმულონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ფორმით ევრობიუროკრატები ადგილობრივ რადიკალებს იდეოლოგიურ საკვებს აძლევენ.
„როდესაც ასეთ მძლავრ ინსტრუმენტს იყენებენ ქართული ტელევიზიების წინააღმდეგ, ლოგიკურად გვიწევს ფიქრი, რომ რა შედეგზე აპირებენ გასვლას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ბრიტანეთის სანქციებიდან დაწყებული, ახლა, ამ გადაწყვეტილებითაც თქვენ გაცილებით მეტი ნდობა და პატივისცემა გაქვთ ქართულ საზოგადოებაში, ასევე თქვენ უცხოურ ენაზე არ ტრანსლირებთ და ქვეყნის გარეთ არ გყავთ იმდენი მაყურებელი, რამდენიც ქვეყნის შიგნით. ეს თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ ეს არ იყო გათვლილი იმაზე, რომ თქვენ რეიტინგს, რაიმე პრობლემა შეჰქმნოდა. რეალურად ამას ვერც მიაღწევდნენ და პირიქით, მგონია, რომ საწინააღმდეგო უფრო გამოიწვიეს. დარწმუნებული ვარ თქვენი რეიტინგი ამის შემდეგ უფრო მოიმატებს.
რასაც ახლა ახორციელებენ ეს არის, რომ ადგილობრივ რადიკალურ ძალებს აძლევენ რაღაც სუსტ სიგნალებს იმისა, რომ ამათ ისულდგმულონ. ადამიანებს, რომლებსაც ქუჩაში გასვლის დროს ხელსაც კი არ ართმევენ, ასაკრძალად გამზადებულ პარტიებს და მათ ლიდერებს, რა თქმა უნდა სჭირდებათ, რომ რაღაც ელემენტარულად იდეოლოგიური საკვები ჰქონდეთ. ასეთ იდეოლოგიურ საკვებს და დღის თემებს აძლევენ ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიც არის „იმედის“ დასანქცირება და აკრძალვა ერთი წლით ევროპარლამენტში, მოლდოვის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა ქართველი ხალხი მაქსიმალურ ინფორმაციას გაიგებს მინისტრთა კომიტეტის იმ სესიის შესახებ, რომელიც ხვალ გაიმართება. იმის მიუხედავად, რომ სამი ქართული მედიასაშუალება არ დაუშვეს ამ შეკრებაზე, ეს არ იქნება იმის საფუძველი, რომ ქართული საზოგადოება იყოს მოკლებული ინფორმაციას.
თუმცა, სად თქვენი მხრიდან სრულყოფილი ინფორმირება და სად ის მწირი ინფორმაცია. ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი სურვილი, რომ არ გამოვიდეს ინფორმაცია მათი შეხვედრებიდან, არ გაშუქდეს სრულყოფილად, იყოს მიკერძოებული გაშუქება და მათი მხრიდან გამოსული ინფორმაცია მოხვდეს აქ, ადგილობრივი აგენტურული ტელევიზიების ხელში და ეს ინფორმაცია დამუშავდეს და წარედგინოს ისე, როგორც მათ აინტერესებთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს: „იმედს”, „რუსთავი 2“-სა და „პოს ტვ“-ის, აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.