უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად მთელ ევროპაში ყველაზე ძლიერია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი წარმოუდგენელია და ქვეყანა თვეში 15-20 000 ჯარისკაცს კარგავს.
„ეჭვგარეშეა, რომ ამ ომის წარმოების აუცილებლობამ უკრაინელები აიძულა შეემუშავებინათ ახალი ტაქტიკა, ახალი ტექნიკა, ახალი აღჭურვილობა, ახალი ტექნოლოგიები, რაც ქმნის ერთგვარ ჰიბრიდულ ასიმეტრიულ ომს. ეს შთამბეჭდავია. ამაში ეჭვი არ არსებობს. თუ დააკვირდებით, რუსები თვეში ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავენ, ვიდრე უკრაინელები და უკრაინა უფრო პატარა ქვეყანაა და უფრო პატარა არმიაც ჰყავს – თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად მთელ ევროპაში ყველაზე ძლიერი და ძლევამოსილი შეიარაღებული ძალებია, ნათელი რომ იყოს – ცხადია, მათ მიერ მიღებული დახმარების დიდი ნაწილის გამო, ასევე მათ მიერ ბრძოლის ველზე მიღებული გამოცდილების გამო.
რაც შეეხება უფრო ფართო კონფლიქტს, პრეზიდენტს უბრალოდ ომის დასრულება სურს. ის ფიქრობს, რომ ეს გიჟური ომია. და ის მართალია. ვგულისხმობ, რომ ორივე მხრიდან მასიური რაოდენობით ხალხი იღუპება. უკრაინას აღდგენისთვის ორი ათწლეული დასჭირდება. რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი წარმოუდგენელია. რუსები თვეში 15-20 000 ჯარისკაცს კარგავენ. დაჭრილებს კი არა, მოკლულებს. ეს ცუდი ომია. ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტი მზად არის, მისი გუნდი მზად არის, რომ ომის დიპლომატიურ დასასრულს შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა მარკო რუბიომ.