კახა კუჭავა: უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე ორივე მხრიდან ცალსახად იყო ხაზგასმული, რომ ვერცერთი ადამიანი ვერ იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობების ოდნავ მაინც გაუარესების მიზეზი

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, უკრაინის მთავრობის მეთაურ დენის შმიგალთან მას ძალიან მეგობრული და თბილი შეხვედრა ჰქონდა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხაც შეეხო.

„ვისაუბრეთ ბევრ თემაზე და, რა თქმა უნდა, შევეხეთ იმ საკითხსაც, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია და ყველას აინტერესებს – ეს არის სააკაშვილის გამოპარვა უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად ქმნის უხერხულობას ორ ქვეყანას შორის. მათ არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ, რაც ეხებოდა საზღვრების უკანონო კვეთას. ორივე მხრიდან ცალსახად იყო ხაზგასმული, რომ ვერცერთი ადამიანი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს. ექსტრადიციაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვართ ძალიან მეგობრული ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები და მხოლოდ ამ ურთიერთობების გამყარებაზე ვფიქრობთ.ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ჩრდილი მიაყენოს მეგობრობას და ამას უნდა ყველა შეეგუოს“, – განაცხადა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში უკრაინაში რამდენიმე თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

„ეს ინფორმაცია მე აქ გავიგე. უკრაინის პრემიერთან ამაზე საუბარი არ გვქონია. უკრაინის საზღვრის უკანონო კვეთა ფიქსირდება და ალბათ, ვიღაცას პასუხს აგებინებენ. ეს ჩვენი საქმე არ არის. უკრაინა თავად გადაწყვეტს ამას და თუ მიიჩნევს, რომ ვინმეს ბრალი მიუძღვის, მაშინ შესაბამისი ქმედებები განხორციელდება“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები