ვახტანგ ძაბირაძე: უნდა ვაღიარო, ვერ გავიგე, რეალურად რა მიზანი ჰქონდა სააკაშვილის ჩამოსვლას – ის, რომ ხელისუფლება შოკში იყო, გამოჩნდა იმათ განცხადებებში, ვისაც ეკრანზე ვხედავდით

“გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობდი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ალბათობა ძალიან მცირე იყო, მაგრამ კაცი, რომელიც ამდენი წელია, ქვეყნიდან გაქცეულია, ჩამოვიდა და ფაქტობრივად ჩაბარდა. უნდა ვაღიარო, ვერ გავიგე, რეალურად რა მიზანი ჰქონდა მის ჩამოსვლას”, – ამის შესახებ ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, “მგელი მოდის” ძახილი სააკაშვილის ჩამოსვლამ დაასრულა.

“გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობდი, რომ მისი ჩამოსვლის ალბათობა ძალიან მცირე იყო, მაგრამ ჩამოვიდა, თან სრულიად გაუგებარი რამ მოხდა – კაცი, რომელიც ამდენი წელია ქვეყნიდან გაქცეულია, ჩამოვიდა და, ფაქტობრივად,­- ჩაბარდა. უნდა ვაღიარო, ვერ გავიგე, რეალურად რა მიზანი ჰქონდა მის ჩამოსვლას. ის, რომ ხელისუფლება შოკში იყო, როცა სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, გამოჩნდა იმათ განცხადებებში, ვისაც ეკრანზე ვხედავდით. ათასი სისულელე მოვისმინეთ მათგან, რაც თავისთავად ცალკე აუხსნელი რამაა. დავუშვათ ვიღაცამ იცოდა სააკაშვილის შემოსვლის ამბავი, მაგრამ ქვეყნის პირველ პირებს რატომ არ ჰქონდათ ეს ინფორმაცია?! თუ ასეა, ეს არის უნდობლობის კატასტროფული დონე. როგორ შეიძლებოდა პარტიის თავმჯდომარეს, პარლამენტის სპიკერს, მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერს არაფერი სცოდნოდათ და ამდენი სისულელე ელაპარაკათ. თუ უშიშროება ოპერაციას ატარებდა, ის მაინც ერჩიათ მათთვის, რომ ამგვარი განცხადებები არ გაეკეთებინათ.

მეორე მხარეა თვითონ სააკაშვილი. ახლა ამტკიცებს, ლეგალურად შემოვედიო, თუმცა, როგორც ვიცი, ბრალს საზღვრის უკანონო კვეთისთვის წაუყენებენ. უნდა გაირკვეს, როგორ, რა გზით შემოვიდა საქართველოში? დღევანდელი ინფორმაციით, ვიცით, რომ შემოიპარა და რამდენიმე დღე დასეირნობდა ქვეყანაში, მაგრამ გაუგებარია, რომ არ დაეჭირათ, რას აპირებდა, რა ჰქონდა მიზნად? უამრავი კითხვის ნიშანი და ვერსიაა, ვერაფერს გამოვრიცხავთ. უკვე ვთქვი, რომ მისმა ჩამოსვლამ ოპოზიციის ხელში არსებული ყველაზე დიდი კოზირი გაათამაშა. ამით დასრულდა პროცესი, როდესაც სააკაშვილი იყო საარჩევნოდ პოლარიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი. უფრო სწორად, ის აქამდე იყო “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის შეთამაშებული საარჩევნო ხრიკი, რომელსაც ამგვარი გზავნილით სთავაზობდა მმართველი პარტია საზოგადოებას, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, მიშა მოვაო… ეს “მგელი მოდის” ძახილი სააკაშვილის ჩამოსვლამ დაასრულა. თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველში იყო განცდა, რომ მიშა ჩამოვიდოდა და ყველაფერს დაალაგებდა, მაგრამ ციხეში ჩაჯდა და მათი მოლოდინიც გაცრუვდა.

სააკაშვილის ჩამოსვლამ იმუშავა, მაგრამ, ჩემი აზრით, იმუშავა ბოლო ჯერზე. დასრულდა ეპოქა, რომ გვაშინებდნენ, არიქა, “ნაციონალები” მოვლენო. სააკაშვილი დარჩება საქართველოს ციხეში თუ გადასცემენ უკრაინას, აღარ აქვს მნიშვნელობა, მან პოლიტიკური კაპიტალი სრულად ამოწურა. ამიტომაც ამის შემდეგ მისი გავლენა არჩევნებზე ეფემერული იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ისეთ პირობებს არ შექმნის, რომ სააკაშვილს ეს კაპიტალი კიდევ შეუნარჩუნოს და მომავალში კვლავაც გამოიყენოს. ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯი ის იქნებოდა, თუ 3-ში მართლაც გაიმართებოდა საპროტესტო აქცია და სააკაშვილი იქ გამოჩენილიყო. ეს იქნებოდა ხელისუფლებისთვის გამანადგურებელი დარტყმა, მაგრამ ესეც არ გააკეთა.

როდესაც ლოგიკური ბმა არა აქვს ადამიანის მოქმედებებს, ჩნდება უამრავი ეჭვი და ვერსია. მაგალითად, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ სამეული შეთანხმდა მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი და ზელენსკი შეხვდნენ ერთმანეთს და სწორედ იქ გადაწყვიტეს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდოდა, მერე უკრაინა მოითხოვდა მისი მოქალაქის გადაცემას და ესენიც გადასცემდნენ. მაგრამ სააკაშვილი რის ფასად დათანხმდა ამას, თუ ამგვარი რამ მოხდა? თუ ასეთი გარიგების ვერსიას მივყვებით, სააკაშვილის მოტივაციისთვის ორი შესაძლებლობა რჩება – დიდი ფული, რომელიც ძნელი მისახვედრი არ არის ვის შეიძლება გადაეხადა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერესი. აბა, ევროპიდან და დასავლეთიდან ვნახეთ მიშას ჩამოსვლის თაობაზე რა კატეგორიული განცხადებები გაკეთდა. მოკლედ, ამ ყველაფერს დეტალური და არგუმენტირებული ახსნა-განმარტება სჭირდება. სააკაშვილმა უპირველესად საკუთარ მომხრეებს უნდა აუხსნას, რა იყო მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი”,- აცხადებს ძაბირაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები