დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს – დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას
სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება უნდა დაელოდოს სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი ამ პროცესს.
„ღირსეულად ჩატარება ამ აუცილებელი პროცედურისა – ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, ასევე არის ღირსეული გაგრძელება იმ გლოვისა და პატივის მიგებისა პატრიარქისადმი, რომელიც ამ დღეებში საზოგადოებამ გამოიჩინა.
პროცედურა არ არის დამოკიდებული სატელევიზიო პოლემიკებზე. კათოლიკოს-პატრიარქს გამოირჩევს წმინდა სინოდი. სწორედ სინოდის წევრი ეპისკოპოსები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს. ამიტომ, სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.
მან ასევე ისაუბრა პატრიარქის დაწერილ ანდერძზე, რომელიც უწმინდესმა 9 წლის წინ გამოაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც ის იყო საკმაოდ აქტიური და ქმედითუნარიანი ძალიან ბევრი მიმართულებით, 8 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე.
დასახელების გარემოებები ზუსტად მახსოვს. ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში იყო ძალიან დიდი ვნებათაღელვა და იმ პერიოდში საკითხი ეხებოდა, სად ინახებოდა პატრიარქის ანდერძი მოსაყდრის შესახებ და რა ეწერა იქ.
პატრიარქმა როდესაც გადაწყვიტა მეუფე შიოს დასახელება მოსაყდრედ, აქ, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე. რომ დაფარული ანდერძი შესაძლოა, საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს. მან თქვა, რომ დაფარულ ანდერძში რაც უნდა ყოფილიყო, ადგა და განუცხადა საზოგადოებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოყოლებული 2017 წლის 23 ნოემბრიდან – როდესაც მან თქვა, რომ წმინდა გიორგიმ ინება, დღეს ჩვენ გვყოლოდა მოსაყდრე, თითქმის, 8 წელზე მეტი გავიდა, მე-9 წელი არის და მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულება კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში.
საქმე იმაშია, რომ ყველა მღვდელმთავარი საქართველოში არის კათოლიკოს-პატრიარქის ხელდასხმული და მის პერიოდში მოღვაწე. მის პერიოდში ჩამოყალიბდა მათი სასულიერო გზა. ამიტომ, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს რის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი, ყველა მისი მონაწილე“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.