ზურაბ აბაშიძე: მუნიციპალიტეტებში იქმნება რეალურად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა შედეგებს ადამიანები საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ზურაბ აბაშიძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსის რიგით მერვე ეროვნულ კონფერენციას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც მოხდა წარმატებული მუნიციპალური პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება.

თბილისის საკრებულოს ცნობით, კონფერენცია ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა – ნინო რუხაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გახსნა.

ნინო რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა პროგრამის რვაწლიან შედეგებზე და აღნიშნა, რომ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კულტურა მუნიციპალიტეტებში სერვისების გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად იქცა. აგრეთვე მან დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო, რომლებიც თვითმმართველობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას ემსახურება.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ მიმართა.

„მადლობა მინდა, გადავუხადო ექსპერტებსა და კომიტეტის წევრებს, რომლებიც ამ სტანდარტს ინარჩუნებენ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მუნიციპალიტეტებში იქმნება რეალურად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა შედეგებს ადამიანები საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ. სწორედ ეს ზრდის ნდობას ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ. ხშირად, როდესაც მუნიციპალური სერვისები კარგად მუშაობს, ისინი თითქმის უხილავია, ასევე შეუმჩნეველი გვრჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ სერვისებს ქმნიან. ეს პროგრამა კი გვაძლევს საშუალებას, სწორედ ასეთ ადამიანებს გადავუხადოთ მადლობა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენი სამშობლოს სამსახურში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

“2025 წლის კონკურსზე წარმატებულ პრაქტიკად 14 პროექტი დასახელდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ა.თ.ე.ა-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ აბაშიძემ ჯილდოები ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს – ნინო ლაცაბიძეს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს – დავით ერემეიშვილს – გადასცა. ღონისძიების ფარგლებში,  სპეციალური ჯილდოები გადაეცათ ქ. რუსთავის, ხაშურის, სენაკის, ტყიბულის, ქ. ფოთის, ბაღდათის, დმანისის, ზესტაფონის, ყაზბეგისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ თვითმმართველი ერთეულების მერიების თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში.

კონფერენციის დასკვნითი ნაწილი პანელურ დისკუსიებს დაეთმო, სადაც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ინტერმუნიციპალურ თანამშრომლობასა და ბავშვთა დაცვის პროგრამებზე იმსჯელეს.

ღონისძიებას ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ”, – წერია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები