ესპანეთში, 25 წლის ნოელია კასტილიო რამოსის ევთანაზია 26 მარტს ჩატარდა.
ნოელიამ თქვა, რომ მის ოჯახს შეეძლო მისვლა და დამშვიდობება, თუმცა დასძინა, რომ მას სურდა, ლეტალური ინექციის გაკეთების დროს ექიმთან მარტო დარჩენილიყო.
ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, ევთანაზიის მოთხოვნისთვის პირი უნდა იყოს სრულწლოვანი და მოთხოვნის დროს იყოს როგორც გონებრივად ქმედუნარიანი, ასევე სრულიად გონებრივად ჯანმრთელი; მას ასევე უნდა ჰქონდეს ესპანეთის მოქალაქეობა ან შეინარჩუნოს კანონიერი ბინადრობა 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და „იტანჯებოდეს სერიოზული და განუკურნებელი დაავადებით ან სერიოზული, ქრონიკული და ინვალიდობის გამომწვევი მდგომარეობით, რაც დადასტურებულია მკურნალი ექიმის მიერ“.
24 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარყო კასტილიოს ოჯახის მიერ ევთანაზიის შესაჩერებლად მოთხოვნილი დროებითი ზომები, რითაც თითქმის ორწლიანი სამართლებრივი დავა დასრულდა.
მომდევნო დღეს, ესპანურ ტელეარხ Antena 3-ზე კასტილიოს ინტერვიუ გავიდა, რომელშიც მან თავისი გრძნობები აღწერა: „არაფრის კეთების სურვილი არ მაქვს – არც გარეთ გასვლის, არც ჭამის, საერთოდ არაფრის კეთების. ძილი ძალიან მიჭირს. გარდა ამისა, ზურგის და ფეხების ტკივილებიც მაწუხებს. მე ყოველთვის მარტოსულად ვგრძნობდი თავს, რადგან არასდროს მიგრძვნია, რომ ჩემი ესმოდათ. არავის არასდროს გამოუხატავს ჩემდამი თანაგრძნობა და ყოველთვის მიჭირდა ინტერპერსონალური ურთიერთობები. ევთანაზიის მოთხოვნამდეც კი, ჩემს სამყაროს ძალიან ბნელად აღვიქვამდი, წინ ძალიან ბნელ დასასრულს ვხედავდი. არანაირი მიზანი, არანაირი ამოცანები – საერთოდ არაფერი – და დღემდე არც მიზნები მაქვს, არც ამოცანები”,- აცხადებდა ის ინტერვიუში.
ქრისტიანი ადვოკატების თქმით, „ეს საქმე ევთანაზიის შესახებ კანონის წარუმატებლობას ავლენს. ის ხელს უწყობს თვითმკვლელობას პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის წინასწარი მკურნალობის გარეშე“.
ადვოკატები პასუხისმგებლობას კატალონიის რეგიონული მთავრობის ჯანდაცვის ორგანოებს აკისრებენ: “სიკვდილის შეთავაზებამდე, უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ შესთავაზეს სიცოცხლის ყველა ალტერნატივა. ფსიქიკური დაავადების შემთხვევებში, მათ უნდა ჩადონ ინვესტიცია ყველაზე მოწინავე ფსიქიატრიულ მკურნალობასა და გამოჯანმრთელებაში“.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი პრეცედენტი სასამართლოში მოსამართლის გადასაწყვეტად შევიდა.