ირაკლი კობახიძე: კანონი, რომ გვაძლევდეს მისი არ დაკავების საშუალებას, უკეთესი იქნებოდა, წარმოიდგინეთ ქუჩაში გაშვებული მიხეილ სააკაშვილი, აბსოლუტური კლოუნი

კანონი რომ გვაძლევდეს მისი არ დაკავების საშუალებას, უკეთესი იქნებოდა, წარმოიდგინეთ ქუჩაში გაშვებული მიხეილ სააკაშვილი, აბსოლუტური კლოუნი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა – არ ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნებისთვის” სააკაშვილის არდაკავება უკეთესიც იქნებოდა, თუმცა, კანონი ამის საშუალებას არ იძლევა.

“ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი მოლოდინი არ არის “ოპტიმისტური”, რადგან 17-ჯერ რომ მოიტყუება კაცი და იმავე ტყუილს იმეორებს მეთვრამეტედ, იქ მოლოდინი როგორიც შეიძლება იყოს, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. 17-ჯერ დაპირდა საკუთარ მხარდამჭერებს ჩამოსვლას და 17-ჯერ გადააგდო ეს ხალხი და მეთვრამეტედაც არ გაუჭირდება, ამის დიდოსტატია.

ჩამოვა, მოხვდება იქ, სადაც უნდა მოხვდეს ანუ დააპატიმრებენ მყისიერად, ეს არის ძალიან მარტივი სცენარი. ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ორივე შემთხვევაში, წაგებული რჩება “ნაციონალური მოძრაობა,” თუმცა, ქვეყანა დაისვენებს, როდესაც ის მოხვდება იმ დაწესებულებაში, სადაც ეკუთვნის მოხვედრა.

კანონი რომ გვაძლევდეს მისი არ დაკავების საშუალებას, ეს შეიძლება უკეთესიც კი ყოფილიყო ჩვენთვის – წარმოიდგინეთ ქუჩაში გაშვებული მიხეილ სააკაშვილი, აბსოლუტური კლოუნი. საბოლოო ჯამში, ის მხარს უჭერს ჩვენს საარჩევნო შანსებს, თავისი ქმედებებით, რადგან ვიცით, რომ საზოგადოებაში არის სერიოზული შიში ნაცმოძრაობის დაბრუნებასთან დაკავშირებით და ნებისმიერი ასეთი აქტი ამ შიშებს ამძაფრებს.
ქუჩაში რომ გავიდეს, კიდევ უკეთესია – ყველა დაინახავდა, ბავშვებს, ახალგაზრდებს აღარ ახსოვთ რა კლოუნი იყო, რა ტიპაჟი იყო მიხეილ სააკაშვილი, როგორ იქცეოდა, იტყუებოდა, როგორ გაიქცა გორში თვითმფრინავის დანახვაზე და ა.შ. მშიშარა, ჩვეულებრივი კლოუნი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები