დავით ზალკალიანი: სააკაშვილი ვერ ჩამოვა და ქვეყნის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის, ის არის წარსული, ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიაროთ
სააკაშვილი მუდმივად ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, არა მხოლოდ ამჟამად, როდესაც გაქცეულია და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი, არამედ საქართველოს განვითარებას ხელს უშლიდა მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყო, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„სწორედ მისი პოლიტიკის გამო ვიყავით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენთან დალაპარაკება არავის სურდა. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და პირადად მე, როდესაც ასოცირების მოლაპარაკებები გადმოვიბარე, შეუთანხმებელი იყო ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი, აი, ეს იყო მისი პოლიტიკის შედეგი. როცა იგივე მართლმსაჯულებაზე გვესაუბრებიან, ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც საქართველომ მართლმსაჯულების კუთხით მიიღო, იყო სწორედ მისი ხელისუფლების.
სააკაშვილი არსადაც არ ჩამოვა, ვერ ჩამოვა და ქვეყანას, ქვეყნის განვითარებას ხელს ვერ შეუშლის. ის არის წარსული, ჩვენ მომავლისკენ უნდა ვიაროთ, მომავლისკენ უნდა ვიცქიროთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.