ირაკლი ბერაია:​​​​​​​ უსაფრთხოების სამსახურს პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო და უსაფრთხოების საზოგადოებებში შეუბღალავი, მაღალი რეპუტაცია აქვს

“უსაფრთხოების სამსახური საქმიანობს ეფექტიანად და მას შეუბღალავი, მაღალი რეპუტაცია აქვს პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო და უსაფრთხოების საზოგადოებებში”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, იგი სრულ მხარდაჭერას უცხდებს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილსა და სამსახურის წევრებს. ამასთან, მათ წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის მცდელობებს  “ბინძურ კამპანიად” მოიხსენიებს.

„პირველ ყოვლისა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გრიგოლ ლილუაშვილსა და უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას, ვინც, მიუხედავად მათზე ორკესტრირებული და კოორდინირებული იერიშისა, სამსახურის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობების და მის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის პირობებში, მაღალი პროფესიონალიზმით და განსაკუთრებული ემოციური სტაბილურობით ასრულებენ იმ უმნიშვნელოვანეს საქმიანობას, რასაც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ჰქვია.

ეს კამპანია, რომელმაც მიიღო ინტენსიური ხასიათი და ბოლო პერიოდში მიაღწია გაუგონარ ფორმებსა და მასშტაბებს, შემთხვევითი არ არის. მიმდინარეობს კარგად გააზრებული შეტევა სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმ საფუძვლების წინააღმდეგ, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო: ღირებულებები, ინსტიტუტები, ქართული ეკლესია. შემთხვევითი არ არის, რომ ეს ემთხვევა საარჩევნო პერიოდს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პროვოკაციულ გზავნილებსა და გამონათქვამებს. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის უსაფრთხოების სამსახური და მიზნად ისახავს მის რეპუტაციულ და ინსტიტუციურ დაზიანებას.

სამსახურში მუშაობენ ღირსეული პროფესიონალები, მამაცი ოფიცრები, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის ფასად იცავენ ჩვენს ქვეყანას. დესტრუქციული სუბიექტების მიერ მსგავსი ბინძური და უსუსური ნაბიჯები ვერ შეარყევს სამსახურის ოფიცრების ღირებულებებს, ვერც ღირსებას, ვერც მოთმინებას და ვერანაირ უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს მათ მიერ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული ამოცანების შესრულებაზე. უსაფრთხოების სამსახური საქმიანობს ეფექტიანად და მას შეუბღალავი, მაღალი რეპუტაცია აქვს პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო და უსაფრთხოების საზოგადოებებში“, – აცხადებს ირაკლი ბერაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები