მამუკა არეშიძე: ვფიქრობ, “ოცნება” გაიმარჯვებს და ოპოზიცია ისევ ქუჩაში გავა

“თითქმის ყველა არჩევნების შემდეგ შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია ცდილობს, ეს შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადოს, არეულობის მოწყობა სცადოს და ა.შ. ვფიქრობ, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, თუმცა ველი, რომ ახლაც იგივე მოხდება, ანუ ოპოზიცია ამ გამარჯვებას არ მიიღებს და ისევ ქუჩაში გამოვა”, – ამის შესახებ ექსპერტი, მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ექსპერტი ინტერვიუში ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის შესახებაც საუბრობს.

“სამწუხაროდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით თითქმის ყველა მეზობელზე ვართ დამოკიდებული, ეს კი ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი არასწორი პოლიტიკის ბრალია. დღეს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სრული ქაოსია. იმდენი რამ უშლის ხელს აქ ენერგეტიკის განვითარებას, იმდენი ხალხი მუშაობს ამის წინააღმდეგ, მიკვირს, მთლად სულს როგორ არ ღაფავს ეს ქვეყანა. ენგურიდან დაწყებული, ყველა იმ პროექტით გაგრძელებული, რომელთაც რეგიონული პოტენციალი აქვს, ან კუს ნაბიჯით ვითარდება პროცესები, ან პროექტები საერთოდ იბლოკება. ხშირად ამ დაბლოკვაზე აქტიურად მუშაობენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ფსევდოეკოლოგიური ჯგუფები, რომლებიც თითქოს დასავლეთზე არიან მიბმული, არადა, ზუსტად არავინ იცის, ვისგან იღებენ ფულს და ვის ემსახურებიან. მაგალითად, რამდენიმე ჯგუფის უკან ვხედავთ რუსულ და არა მხოლოდ რუსულ ფულსა და ინტერესებს.

გარკვეული კაბალური პირობების გამო, არ მომწონდა “ენკა”-სთან დადებული ხელშეკრულება, მაგრამ “ნამახვანჰესის” და, ზოგადად, ამ კასკადის აშენება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის, მისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლების წიაღში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ საკუთარი ინტერესები და ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნის ინტერესებისგან. როგორ შეიძლება დაიწყო ასეთი გრანდიოზული პროცესი და არ მოაგვარო ის საკითხები, რომლებიც, ადრინდელი გამოცდილებითაც აშკარა იყო, რომ კვლავ პრობლემური იქნებოდა. ვგულისხმობ პიარულ ნაბიჯებს, ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემების მოგვარებას და ა.შ. რა გვაჩვენა “ნენსკრას” თუ “ხუდონის” თემამ? ის, რომ ასეთი პრობლემები ყოველთვის ჩნდება.

ან თუნდაც უცხოურ პროპაგანდასთან ბრძოლა ავიღოთ… როგორ შეიძლება საქართველოში არსებობდეს ისეთი ორგანიზაციები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე და რომლებიც მუდმივად განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობენ ქართველ საზოგადოებაში. ისინი უცხოეთში ქმნიან ქართული ეთნიკური ლანდშაფტის მახინჯ სურათს. როგორ შეიძლება ასეთ ჯგუფებს პასუხს არ ვთხოვდეთ?! ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ან გულგრილად ეკიდებიან საქმეს, ან ვერ ხვდებიან პრობლემების არსს, ანაც მოღალატურად იქცევიან. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ხალხს პასუხი უნდა მოეთხოვოს და მოგვეცეს საშუალება, ენერგოგანვითარებისთვის სწორი სივრცე შეიქმნას. რაც შეეხება, ზოგადად, ხელისუფლებას, მისკენ ხელის გაშვერა ადვილია, რადგან მისი პასუხისმგებლობის წილი ძალიან დიდია, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ საზოგადოება და დანარჩენი პოლიტიკური სპექტრიც. ვერ ვხედავ, რომელიმე საკუთარ პასუხისმგებლობას იაზრებდეს და ისე მოქმედებდეს.

ქვეყანა ასე არ შენდება. უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ როცა საქმე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებსა და ქვეყნის განვითარებას ეხება, კონსოლიდირებული მიდგომაა საჭირო და ამგვარ პრობლემებს მხოლოდ ხელისუფლება ვერ მოაგვარებს… ჩვენ უნდა გავიაზროთ შემდეგი: საქართველო მდებარეობს უკიდურესად მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ადგილას. უამრავი მეთოდოლოგია არსებობს, რომელთა საშუალებით გარე ძალები ცდილობენ აქ კონტროლის დამყარებას და სარგებლის მიღებას. რას აღარ იყენებენ ამისთვის, ამას კი ერთვის ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის სისუსტე და მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი. ამ ყველაფერს ჩვენი სამხრეთული ხასიათიც ემატება და საბოლოოდ ვიღებთ ამ ქაოსს. ალბათ, დრო უნდა გავიდეს, თაობა შეიცვალოს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დონე გაჩნდეს. თანაც ქართულ პოლიტიკაში ბევრი ის ადამიანი უნდა დასაქმდეს, ვისაც დასავლური სკოლა ექნება გავლილი, თუმცა იმის მაგალითებიც ვიცით, დასავლური დემოკრატიის სკოლაგავლილი ადამიანები აქ ჩამოსვლის შემდეგ რატომღაც ყველაზე უარესი ქართველი პოლიტიკოსებივით რომ იქცევიან.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს პოლიტიკური პროცესისა და არჩევნების მიმართ ჩამოუყალიბდა ე.წ. მომხმარებლის ფსიქოლოგია – არჩევნები იქცა სარგებლის მიღების საშუალებად, შესაბამისად, ამ ხალხის არჩევანიც ამ სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. მოკლედ, მთელი პოლიტიკური პროცესი ასეა გარყვნილი და შედეგიც ამ ყველაფრის შესაბამისი გვაქვს: პოლიტიკური კლასი, რომელიც მზად არის, საკუთარი ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენოს და ამ კლასისადმი უნდობლად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რომელიც მზად არის, ხმა მიჰყიდოს იმას, ვისგანაც მეტ სარგებელს მიიღებს. ამ ვითარების გათვალისწინებით ვართ გაჩხერილი ორ ცნებას – ქვეყანასა და სახელმწიფოს შორის”, – აცხადებს არეშიძე.

რაც შეეხება კითხვას – “არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, ტრადიციულად, ამ საარჩევნო კამპანიის დროსაც ცდილობდნენ, პოლიტიკური ველი ორი პოლუსის დაპირისპირების ზონად წარმოეჩინათ”, – მამუკა არეშიძე პასუხობს:

“გეთანხმებით, ამ ორმა ძალამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს, რომ ეს ორპოლუსიანობა შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ, დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, ვფიქრობ, ამ ორპოლუსიანობაში გარკვეული კორექტივები შევა, ოღონდ არჩევნების შემდეგ. ჩემი აზრით, დედაქალაქში აუცილებლად გაიმარჯვებს კახა კალაძე. არ გამოვრიცხავ, ეს პირველივე ტურში მოხდეს. აი, არჩევნების შემდგომ რა მოხდება, ჩემთვის ეს უფრო რთული სათქმელია. ვნახოთ, რა დასკვნებს გააკეთებენ და როგორ კონფიგურაციას მივიღებთ. რაც მელიასა და კობახიძეს შორის მოხდა, მეც მიმაჩნია, რომ წინასწარ განზრახული პროვოკაციული ქმედება იყო ნიკა მელიას მხრიდან, რათა გარკვეული ველი შეექმნა და ორი ძალის დაპირისპირება უფრო გამოეკვეთა. ხომ ნახეთ, აშკარად თვითონ იყო პროვოკატორი, მაგრამ მერე მსხვერპლად გამოიყვანა თავი. სიმართლე გითხრათ, მისგან ასეთი მოქმედება ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან აქამდე უფრო სხვა ტიპის პოლიტიკოსად მივიჩნევდი, თუმცა “შუბი ხალთაში არ დაიმალა” და გამოჩნდა, რეალურად რასაც წარმოადგენს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც ორპოლუსიანობის შენარჩუნებას ემსახურება. პოზიციონირებს რა, როგორც მთავარი ოპოზიციური ფიგურა, რაც მისგან გასაკვირი ნამდვილად არ არის, ამით ცდილობს “ნაცმოძრაობის” ამომრჩევლის მობილიზებას. მან კარგად იცის, რომ რაც მეტად გამოჩნდება, დანარჩენი ოპოზიცია მით უარეს მდგომარეობაში ჩავარდება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ურთიერთობა დამყარდა მიხეილ სააკაშვილს, “ნაცმოძრაობასა” და დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს შორის, ეს ყველაფერი არის დეკორაციული. სააკაშვილისთვის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი პერსონა და “ნაცმოძრაობა”… რაც შეეხება გიორგი გახარიას, ეს ანტიპიარი – ნარკომომხმარებლობის თემა – ვფიქრობ, გახარიას წინააღმდეგ არ მუშაობს, მაგრამ მის ბიოგრაფიაში არის მომენტები, რომლებიც მუშაობს მის საწინააღმდეგოდ. გახარიას გარკვეული უარყოფითი სალდო ჰქონდა ოპოზიციაში გადასვლისას. მოახერხა თუ არა ამის დაძლევა, არჩევნების შედეგებით გამოჩნდება.

წლებია, თითქმის ყველა არჩევნების შემდეგ შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიცია ცდილობს, ეს შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადოს, არეულობის მოწყობა სცადოს და ა.შ. ვფიქრობ, “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, თუმცა ველი, რომ ახლაც იგივე მოხდება, ანუ ოპოზიცია ამ გამარჯვებას არ მიიღებს და ისევ ქუჩაში გამოვა. რაც შეეხება რეფერენდუმზე ლაპარაკს, რაც ე.წ. მიშელის დოკუმენტში ჩაწერილი 43%-იანი ბარიერით არის განპირობებული, ვფიქრობ, ამის რეალობად ქცევის შანსი არ არსებობს, რადგან “ქართულმა ოცნებამ” ეს დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის ნაწილი 2-ს კი არა, 3 ოქტომბერს ელოდება და უკვე მზად არიან, ალაპარაკდნენ, რომ არჩევნები გაუყალბეს. არ გამოვრიცხავ, იმავე ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რაც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ისევ დაიწყება ქვეყნის რყევა, საზოგადოებრივი დაპირისპირება, ერთმანეთის ლანძღვა-გინება. აგრესია უნდა დასრულდეს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, თორემ ეს ვითარება ქვეყანას დაშლის და დააქცევს, მით უფრო, რომ გარედან ამას ძალიან ბევრი წამახალისებელი ჰყავს”, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები