ირაკლი კობახიძე: ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს, კრიმინალის მხრიდან, საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა

“ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს, კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “2 ოქტომბერს ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

“მინდა, ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო ნიკანორ მელიას დღევანდელ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის,, ოფისებში იგეგმებოდა მძიმე პროვოკაციები წინასაარჩევნო გარემოს ხელოვნურად გასაუარესებლად. ამის მაგალითები ვიხილეთ ქარელში, დმანისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში. დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა აღნიშნულ 4 მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან ნაციონალური მოძრაობის გეგმა იდგა. ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს. სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს. დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე. ჩემთვისაც რთული იყო დღევანდელი პროვოკაციისა და შეურაცხყოფის მოთმენა, მით უმეტეს, კრიმინალის მხრიდან. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი სიტყვებისთვის, რომელიც დღეს ჩემგან მოისმინა. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს თითოეულ  მხარდამჭერს, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, მოთმინებით მიუდგნენ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო. 2 ოქტომბერს ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნებში, რის შემდეგაც კრიმინალები საბოლოოდ ჩამოშორდებიან პოლიტიკას”, – აცხადებს კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები