ადვოკატი: საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება, სავარაუდოდ, ორი კვირის განმავლობაში მოხდება
უკრაინაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას სამშობლოში ექსტრადირების შესახებ სასამართლო პროცესი გაიმართა და დაცვის მხარის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამის შესახებ მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მაქსიმ სიჩენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პროცედურა ხელოვნურად იყო დაჩქარებული.
„სასამართლო გაიმართა, ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანება ექსტრადირების შესახებ ძალაში შედის. ვფიქრობ, ორი კვირის განმავლობაში მოხდება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პროცედურა იყო ხელოვნურად დაჩქარებული და რომ უკრაინული სამართლებრივი რიგი ნორმები იგნორირებული იყო. გარდა ამისა, უკრაინას ამ წელს მისგან არ მიუღია დოკუმენტები იმისთვის, რომ ეღიარებინა ის იმ პირად, რომელსაც სჭირდება დამატებითი დაცვა.
ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი კანონმდებლობით ამ ვითარებაში ექსტრადირების უფლება არ ჰქონდათ, თუმცა, არ მოგვისმინეს. არის ბრძანება მისი ექსტრადირების შესახებ უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან, რასაც ჩვენ ვასაჩივრებთ და სასამართლომ დღეს გადაწყვიტა, არ დააკმაყოფილოს ჩვენი საჩივარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრძანება არის კანონიერი და შესაძლებელია მისი შესრულება“, – განაცხადა მაქსიმ სიჩენკომ.