გიორგი მიქაძე Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორი გახდა

Berklee College of Music-ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა გიორგი მიქაძეს სულ ახლახან მიენიჭა, – აღნიშნულის შესახებ მუსიკოსმა ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქგვერდზე განათავსა.
„ვერ გეტყვით, როგორი მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, გაგიზიაროთ სიახლე – ვუერთდები ჩემს ალმა მატერს, როგორც Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორი. ერთი სული მაქვს, როდის გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას ჩემს სტუდენტებს“!..
1945 წელს ბოსტონში დაარსებული ბერკლის მუსიკის კოლეჯი, მსოფლიოს ტოპ-სასწავლებლების ათეულს შორის საკუთარ ტოპ-პოზიციას წლებია, ინარჩუნებს, რომელშიც სწავლა ნებისმიერი მუსიკოსისთვის სანატრელი ოცნება და ფუფუნებაა. ეს გახლავთ უნივერსიტეტი, „ამერიკული ოცნება“, სადაც თანამედროვე მუსიკის სფეროში მოღვაწე შემოქმედებს ეძლევათ უნიკალური საშუალება, მიიღონ საუკეთესო განათლება და გაიკეთონ შთამბეჭდავი მუსიკალური კარიერა.
გიორგი მიქაძე – მუსიკოსი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჯაზისა და პოპ-მუსიკის ლეგენდარულ არტისტებთან, საკონცერტო ტურით მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, კონცერტებს მართავს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში და, როგორც საქართველოს კულტურულ ელჩს, სახელი გააქვს საერთაშორისო სარბიელზე.
ქართველი ხელოვანის შემოქმედებით წარმატებებს და მიღწევებს მსოფლიოს წამყვანი ხელოვანები, მუსიკალური ბიზნესის ცნობილი იმპრესარიოები, მენეჯერები და გავლენიანი კრიტიკოსები ეხმიანებიან და მას პროფესიონალ, უნიკალურ და უნივერსალურ მუსიკოსს უწოდებენ, რომელიც თითქმის ყველა ჟანრისა და სტილის მუსიკალურ მიმდინარეობას სიღრმისეულად ფლობს და საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებს.
გიორგის თქმით, როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, კარიერის ახალ შემოქმედებით საფეხურზე გადასვლა – Berklee College of Music-ში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის დაკავება, მისთვის შემოქმედებითი სტიმულია ახალ გამოწვევების დაძლევაში, ამავდროულად უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა.

                                                                                    გიორგი მეურმიშვილის ფოტო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები