გიორგი გობრონიძე: ნატო-ს ან ევროკავშირის წევრი რომ გავხდეთ, უნდა წარმოვადგენდეთ ისეთივე სახელმწიფოს, როგორიც არიან ნატო-ს ან ევროკავშირის წევრი ქვეყნები

“საქართველოში ხელისუფლებაში მყოფი ყველა ძალა მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს ან ევროკავშირის წევრი გახდეს, უნდა წარმოადგენდეს ისეთივე სახელმწიფოს, როგორიც არიან ნატო-ს ან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

“საქართველოში ხელისუფლებაში მყოფი ყველა ძალა მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამას აკეთებენ არადემოკრატიული გზებით და იმ ინსტიტუტებს, რომლებიც, წესით, დემოკრატიის გარანტია უნდა იყოს, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის პრაქტიკაში გასატარებლად იყენებენ. ამ დროს არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ ქვეყანა დაშორდეს დემოკრატიულ სამყაროს. ჩვენ ვლაპარაკობთ ინტეგრაციაზე და არა  – პარტნიორობაზე.

რით განსხვავდება პარტნიორობა ინტეგრაციისგან? საუდის არაბეთი, რომელიც არ არის დემოკრატიული ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე, არ ცდილობს დასავლეთთან ინტეგრაციას, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ცხოვრების წესის ჰარმონიზაციას, განსაკუთრებით, პოლიტიკური კულტურის. ძალიან ბევრს ეშლება ეს საკითხი და ჰგონია, რომ მენტალურ რევოლუციასთან გვაქვს საქმე. არა, ეს არის პოლიტიკური კულტურის ჰარმონიზაცია დასავლეთთან. ჩვენ უნდა ვიყოთ იმ ფასეულობათა და ღირებულებათა გამზიარებელი, რაზეც დგას ევროპელი საზოგადოება – ანუ უნდა ვაშენებდეთ დემოკრატიულ სისტემას, რაც გულისხმობს ხალხის მეტად ჩართულობას სახელმწიფოს მართვაში”, – აცხადებს რესპონდენტი.

კითხვაზე: “ესე იგი, ევროკავშირის დახმარებაზე უარი იმან განაპირობა, რომ მმართველი გუნდი მზად არ არის ხელისუფლების დათმობისთვის, და არა იმან, რომ საგარეო ვექტორს ვიცვლით, როგორც ოპოზიცია ამბობს?”, – გობრონიძე პასუხობს: “დიახ, და ეს ყველაფერი არ ჩაივლის საგარეო პოლიტიკური გადააზრების გარეშე. რატომ? იმიტომ, რომ თუ ჩვენ არადემოკრატიული გზით წავალთ, გავხდებით არადემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ჩვენს რეგიონში კი არადემოკრატიული სამყაროს ერთ-ერთი ცენტრი რუსეთია. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში რყევების ფონზე რუსეთი საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენისთვის მზადყოფნას გამოხატავს. რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ნამდვილად არის საქართველოს ეროვნული ინტერესი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაარღვევს ჩვენს საზღვრებს. მეგობარი სახელმწიფოები ერთმანეთს არ იპყრობენ, ეთნოწმენდას არ უწყობენ და ტერიტორიებს არ ართმევენ. ურთიერთობის ნორმალიზება საგარეო პოლიტიკური ინტერესების დათმობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს”.

მისივე თქმით, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა უბრალო თვითმიზანი კი არა, შესაძლებლობაა ეროვნული ინტერესების გასატარებლად.

“ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ნამდვილად არის რუსეთთან გრძელვადიანი მშვიდობიანი ურთიერთობა, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექნება შესაბამისი საერთაშორისო პოზიცია, რაც ვერ იარსებებს, თუ ჩვენ არ ვიქნებით დასავლური, დემოკრატიული სამყარო. ჩვენ დეოკუპაციაზე მოლაპარაკებაში მარტონი არ უნდა ვიყოთ ჩვენს დიდ და აგრესიულ მეზობელთან. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დასავლეთთან მაქსიმალურად დაახლოება. ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა უბრალო თვითმიზანი კი არა, შესაძლებლობაა ეროვნული ინტერესების გასატარებლად და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. რუსეთთან მარტო დარჩენით რისი მიღებაც შეგვიძლია, ამის ნათელი მაგალითია დაგომისის ხელშეკრულება, რომლის “წყალობითაც” აღმოვჩნდით ერთი სამის წინააღმდეგ, აბსოლუტურ უმცირესობაში, დაზიანდა ჩვენი ეროვნული ინტერესები და მივიღეთ ყველაფერი ცუდი, რისი მიღებაც კი შეიძლებოდა. დასკვნა ერთია – ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასავლეთთან ურთიერთობა და დემოკრატიული განვითარება.

აუხსნელია ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ თურმე ევროკავშირის დახმარებას არ ვსაჭიროებთ. ასევე უაზრო და გაურკვეველია ისეთი ფრაზებით საუბარი, რომ თურმე “ევროკავშირი არ არის ჩვენი უფროსი”. ევროკავშირიდან ვინმემ თქვა, საქართველოს ან პრემიერ-მინისტრის უფროსები ვართო?! მარტივად არის საქმე – თუ პარტნიორთან იღებ რაიმე ვალდებულებას, ასრულებ კიდეც, თუ არ გჭირდება პარტნიორის დახმარება და არ გსურს ვალდებულების აღება, თავიდანვე უნდა თქვა. არ შეიძლება დახმარება მიიღო, ვალდებულება კი არ შეასრულო, გადააგდო პარტნიორი ერთხელ, ორჯერ და მერე უთხრა, ჩემი უფროსი კი არა ხარო. ასეთი მოქმედება ნდობის დაკარგვას იწვევს. თუ ამას შეგნებულად ვაკეთებთ, ესე იგი, არაფრად ვაგდებთ პარტნიორობას. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლური კურსიდან უხვევს, მაგრამ პარტნიორულ ურთიერთობას კი მართლაც აზარალებს. სესხი თუ არ გვჭირდება, ამას რა ჯობია, მაგრამ სიმართლე ვთქვათ – ჩვენი ეკონომიკა, რომელიც თურმე “დუღს”, იძლევა დახმარებაზე უარის თქმის საფუძველს? სესხია თუ დახმარება, ესეც სადავოა.

ნატო-ს ან ევროკავშირის წევრი რომ გავხდეთ, უნდა წარმოვადგენდეთ ისეთივე სახელმწიფოს, როგორიც არიან ნატოს ან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მაგალითად ნატოს ყველაზე არადემოკრატიული ქვეყანა ავიღოთ – თურქეთი. ამ ქვეყანას აქვს ჩვენზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური პოტენციალი, ჰყავს ძლიერი არმია და ამ თვალსაზრისით ძალიან მაღალი ღირებულება აქვს. ამასთან, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის საკითხში თავისი პოზიცია აქვს, რაც ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ვნახოთ ჩვენი წევრობით რას იღებს ნატო: ჩვენ კი ვამბობთ, რომ განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს და სამყაროს ცენტრს წარმოვადგენთ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი სახით ნატო მიიღებს ქვეყანას, სადაც ყოველი არჩევნები სავსეა პრეაპოკალიფსური მოლოდინებით! გეთანხმებით, რომ საზოგადოების ნაწილი იმედგაცრუებულია დასავლეთით, მაგრამ ეს ჩვენი პოლიტიკური ლიდერების მიერ გაჩენილი ცრუმოლოდინების შედეგია. ბუქარესტის სამიტის შემდგომ ამდენი ცრუმოლოდინის გაჩენა იყო იმდროინდელი ხელისუფლების კატასტროფული შეცდომა.

თავის დროზე, გერმანიამ გასაგებად დააფიქსირა თავისი აზრი. ჩვენ შევქმენით მაპის მინიჭების მოლოდინი, როდესაც მმართველმა ოფიციოზმა იცოდა, რომ ეს სიმართლე არ იყო. ძალიან ბევრს სპეკულირებდნენ და სპეკულირებენ დღესაც, რომ ვითომ მათი მუშაობის შედეგად დიდი გარღვევა მოხდა ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობაში. ახლაც ამბობენ, 2024 წელს განაცხადს გავაკეთებთ ევროკავშირში გასაწევრებლადო. ვართ ჩვენ იმ სტანდარტების ქვეყანა, ევროპულ ოჯახს რომ შეეფერება? ხშირად მესმის მავანთაგან, ჩვენს საშინაო საქმეებში ერევიანო. არავინაც არ ერევა! უბრალოდ გვეუბნებიან, თუ ევროკავშირის წევრობა გსურთ, ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების გამზიარებლები უნდა იყოთო. დასავლეთი ფრთხილობს. ვთქვათ, მიგვიღეს თავიანთ ოჯახში, რას მიიღებენ ამის გამო ხვალ? ნუ გვავიწყდება, რომ გვყავს დიდი მეზობელი, რომელსაც ძალიან არ უნდა ჩვენი ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრირება. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დამაჯერებელია ჩვენი არგუმენტი ჩვენი მეზობლის არგუმენტებთან შედარებით. ჩვენი დიპლომატია უნდა იყოს აქტიური, ყოველდღიურად უნდა ვმუშაობდეთ პარტნიორებთან. ჩვენი დიპლომატების მუშაობას ძალიან ვაფასებ, მაგრამ მეტია საჭირო. რაც მთავარია, მათ ხელს უნდა უწყობდეს სახელმწიფო პოლიტიკა. მხოლოდ ერთიანი, დაუღალავი შრომით შევძლებთ პარტნიორების დარწმუნებას, რომ ჩვენი მათ ოჯახში მიღება სარგებელი უფროა, ვიდრე რისკი.

მესმის იმედგაცრუებული საზოგადოების, თუმცა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, “მას შემდეგ, რაც პირველად მივაკაკუნეთ ნატო-ს კარზე”, ქვეყანაში ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა, ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარნენ ევროპაც და ამერიკაც. ასოცირების ხელშეკრულება სხვა არაფერია, თუ არა დახმარების მთელი პაკეტი ევროკავშირამდე მისასვლელად. ამ სასიკეთო ცვლილებებზე არაფერს ვამბობთ და ვლაპარაკობთ მხოლოდ იმაზე, რომ ალბანეთი მიიღეს ნატოში და ჩვენ არა. ჩვენ იმიტომ არ მიგვიღეს, რომ რუსეთის ფედერაციაა ჩვენით დაინტერესებული, ევროკავშირში კი იმიტომ არ მიგვიღეს, რომ ჩვენთან გაცილებით რთულად მიდის რიგი პროცესები, ვიდრე ბალკანურ ქვეყნებში. ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, რათა ევროკავშირის ან ნატოს წევრობის საფუძვლიანი ამბიცია გვქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქმა იმისა, რომ ხვალ-ზეგ შევალთ ევროკავშირში ან ნატოში, კიდევ ერთხელ გახდება ჩვენი საზოგადოების იმედგაცრუების მიზეზი”, – აცხადებს რესპონდენტი.

კითხვაზე: “პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაფერს იღონებს, რათა არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ შეძლოს ევროპული გზის არევა”, -გობრონიძე პასუხობს:

“პრეზიდენტი ძალიან საინტერესო განცხადებებს აკეთებს, რომლებიც არ მიჰყვება მმართველი გუნდის ხაზს. შეზღუდული უფლებამოსილებების მიუხედავად, მას აქვს ბერკეტები, რომ პოზიტიური დინამიკა შესძინოს პროცესს. რაც შეეხება საკმაოდ უხეშ პასუხს მმართველი გუნდის ლიდერებისგან, მათგან მეტს არც ველოდი, თუმცა გაიხსენონ, როგორ უჭერდნენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში და როგორ იყვნენ მის გვერდით გამოკრული საარჩევნო ბილბორდებზე. რაც აგვარჩევინეს, ეგ არის, დადგნენ ახლა და უსმინონ”.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები