ცოტნე ყავლაშვილი: 2021 წლის 8 თვეში საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ

“2021 წლის 8 თვეში საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ივლისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 26.5%-ითაა გაზრდილი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკის სწრაფი ტემპებით აღდგენის პროცესი გრძელდება. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 9.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 7 თვის მაჩვენებელი 12.2 %-ით განისაზღვრა.
მაღალი მაჩვენებლები გვაქვს ექსპორტის მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ფინანსთა სამინისტრო საბიუჯეტო ცვლილებით შევიდა პარლამენტში ჩვენ წარვადგინეთ საბაზისო სცენარი – 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდით, რაზეც დაფუძნებულია ჩვენი საბიუჯეტო პოლიტიკა და იქვე აღვნიშნეთ, რომ გვქონდა პოზიტიური სცენარის განვითარებისა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევის მაღალი მოლოდინი. სწორედ ამ სცენარის მიხედვით ვითარდება ეკონომიკური ტენდენციები. ეს დამსახურებაა ჩვენი ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკისა და მიზნობრივი ფისკალური პაკეტების, რომლებიც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, შეუფერხებლად მიმდინარეობს დღგ-ის გადამხდელ საწარმოთათვის საგადასახადო ზედმეტობის დაბრუნების პროცესი.

„მიმდინარე წლის 7 თვის მაჩვენებლებით, მილიარდ 55 მლნ ლარი დავუბრუნეთ კომპანიებს, რაც აჭარბებს 2020 წლის 12 თვის მაჩვენებელს. ასევე, აღსანიშნავია აგვისტოში დაფიქსირებული ტენდენციაც.
ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 2021 წლის აგვისტოს თვე რეკორდული იქნება დღგ-ის გადასახადის კუთხით ბიუჯეტში მობილიზებული თანხის მიხედვით. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ერთ თვეში არ დაფიქსირებულა არც 2019 წლის ივლისში, როდესაც გაუქმდა ე.წ. „ოქროს სია” და ქვეყნის ბიუჯეტმა მიიღო 600 მლნ ლარამდე”, – განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პოზიტიურ მოლოდინებზე ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით. ამ კუთხით მან აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც 2021 წელს საქართველოსთვის გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.7%-მდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები