„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მშვიდობის საერთაშორისო კომიტეტი შეიქმნა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) ფარგლებში მშვიდობის კომიტეტი ჩამოყალიბდა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება IUSY-ს კონგრესმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 19 ივნისს მიიღო. შემდეგ, საკითხი პრეზიდიუმის სხდომაზე ორგანიზაციის ახლად არჩეულმა გენერალურმა მდივანმა, ბრუნო გონსალვესმა 31 ივლისს წარადგინა.

პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, კომიტეტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებულ საერთაშორისო კონფლიქტებსა და რეგიონის გამოწვევებზე იმუშავებს.

კომიტეტი აქტიურ საქმიანობას მიმდინარე თვიდან შეუდგება და მას ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უხელმძღვანელებს.

პირველი საერთაშორისო აქტივობის განხორციელება საქართველოში სექტემბრისთვის იგეგმება. პროექტი ოკუპაციის, კონფლიქტების მოგვარების, სახალხო დიპლომატიისა და საერთაშორისო ძალისხმევის მიმართულებებს მიეძღვნება. IUSY მსოფლიოს უმსხვილესი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და მასში 100-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული.

პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია IUSY-სთან 2016 წლის შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს და ორგანიზაციის სრული წევრი 2018 წლის თებერვალში გახდა. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია საერთაშორისო გაერთიანების არაერთ პროექტში მონაწილეობს. 2019 წლის აპრილში თბილისმა პრეზიდიუმისა და შავი ზღვის კომიტეტის სხდომებს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა IUSY-ის გენერალურმა მდივანმა ანა ფირცხალავამ, პრეზიდენტმა ჯოანა ორტეგამ და პრეზიდიუმის წევრებმა მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები