სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2021 წლის იანვრიდან დღემდე 26 642 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის კონფისკაცია მოახდინა
2021 წლის იანვრიდან დღემდე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 62 ფაქტი გამოავლინდა და 26 642 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაცია მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.
„მხოლოდ ივლისში, სააგენტომ ერთ-ერთ აფთიაქში, საოფისე მაგიდაში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში 17 დასახელების 2485 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი აღმოაჩინა. ასევე კომპიუტერის ქეისში გადამალული 358 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტი.
სააგენტო ახდენს აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი ეგზავნება სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.