სილვიუ დომენტე: ჩვენი რეკომენდაციაა სექტემბრისთვის აცრილი იყოს მოსახლეობის სულ მცირე 10%
ჯანმო ყველა ხელისუფლებას ეუბნება, რომ უნდა ვისწავლოთ გასული წლის მაგალითზე და აღარ დავუშვათ შეცდომები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ განაცხდა.
„ჩვენი რეკომენდაციაა სექტემბრისთვის აცრილი იყოს მოსახლეობის სულ მცირე 10%, ხოლო დეკემბრისთვის 40%. მომდევნო წლის შუა პერიოდისთვის კი 70%. რათა გლობალური მოსახლეობა იყოს ვაქცინირებული და ამან თავისი შედეგი გამოიღოს. ჩვენ ასევე გვაქვს ვირუსის ახალი „დელტა“ ვარიანტი რომელიც ცირკულირებს და იკავებს „ალფა“, „ბეტა“ და სხვა ვარიანტების ადგილს. ვხედავთ ამ ვარიანტს საქართველოშიც“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.
ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 393 360 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 368 073, გარდაიცვალა 5 618 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.