როდის გახდება ცნობილი, რა სახის სამედიცინო მომსახურება გაეწია ლაშქარავას – რეგულირების სააგენტოს განმარტება

როდის დასრულდება რეგულირების სააგენტოს მოკვლევის შედეგები “ნიუ ჰოსპიტალსში” ოპერატორ ლექსო ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის თაობაზე, ამ ეტაპზე, უცნობია.
სააგენტოში კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ, რადგან, როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, კვლევის პროცესი კომპლექსურია და სხვადასხვა ასპექტს მოიცავს.

“რეგულირების სააგენტო საქმეს სწავლობს, მიმდინარეობს კვლევა. რა ვადაში დასრულდება პროცესი, ზუსტად ვერ გეტყვით იმიტომ, რომ აქ ჩართულია ექსპერტიზები, რეცენზენტმა დასკვნა უნდა დაწეროს და ამ ყველაფრის შემდეგ პროფესიული განვითარების საბჭოზე დადგეს საკითხი, გავა თუ არ გავა”, – განაცხადეს რეგულირების სააგენტოში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგულირების სააგენტო კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” ლექსო ლაშქარავასთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებას გამოიკვლევს.

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოხატავს “ტვ პირველის” ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კლინიკა “ნიუ-ჰოსპიტალსში” ალექსანდრე ლაშქარავასთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უკვე დაიწყო.

სააგენტოს სპეციალისტებისა და ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით, მოკვლევის შედეგები საზოგადოებისთვის უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები