მეუფე შიო: ყოველ ჩვენგანშია თვალით უხილავი, ადამიანებისთვის ამოუცნობი სიღრმე, რომელსაც ჩვენც ვერ ვხედავთ, მხოლოდ ღმერთი განსჭვრეტს ამას
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა პეტრე-პავლობის დღესასწაულზე იქადაგა.
მისი თქმით, ამ დღესასწაულს წინ უძღვის ხანგრძლივი მარხვა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის ხსენება თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა. ამ დღესასწაულს წინ უძღვის ხანგრძლივი მარხვა, როგორც იცით, იმის ნიშნად, რომ დღეს ჩვენ მიერ აღნიშნული მოვლენა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც არის მოციქულთა ღვაწლი, სამოციქულო ღვაწლი. დღევანდელ სახარებაში არის მოყვანილი ეპიზოდი პეტრე მოციქულის ცხოვრებიდან, როდესაც უფალი იესო ქრისტე ეკითხება მოციქულებს, რომ რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მეო? მოციქულები პასუხობენ, რომ ზოგს ჰგონიხარ იოანე ნათლისმცემელი, ზოგს – ელია წინასწარმეტყველი, ზოგს კი – სხვა წინასწარმეტყველი. მაშინ უფალი იკითხავს, თქვენ ვინ გგონივართო? პეტრე პასუხობს სხვების მაგივრად: ,,შენ ხარ ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძე”. შემდეგ უფალი ეტყვის: ,,ნეტარი ხარ შენ, სიმონ იონას ძეო, რამეთუ ხორცთა და სისხლთა კი არ გაგიცხადეს, ანუ შენმა კაცობრივმა ბუნებამ კი არ გაგიცხადა, შენით, შენი გონიერებით კი არ მიხვდი ამას, არამედ ,,მამამან ჩემმან შენმან ზეცათამან” გამოგიცხადა შენ ეს”. ე.ი. უფალი ამბობს, რომ პეტრე ნეტარი არის იმით, რომ უფალმა დაინახა მისი სულის სიღრმე, ჩაწვდა, როგორც გულთამხილავი და მხოლოდ მას აცნობა ეს ჭეშმარიტება, რომ იესო არის ღმერთის ძე, თორემ პეტრე არ იყო სრულყოფილი თავისი ადამიანური ბუნებით. ეს ჩანს სულ ცოტა ხანში იმავე დიალოგის შემდეგ. იგივე პეტრე ეურჩება იესო ქრისტეს, რომელიც ამბობს, რომ მე უნდა შევიდე იერუსალიმში, უნდა მომკლას სინედრიონმა და მესამე დღეს აღვდგეო. პეტრე ეტყვის, რომ ,,ნუ იქნება ეგრე, მოძღვარო!” მაცხოვარი კი პასუხობს, რომ ,,განვედ ჩემგან, სატანავ”, – გახსოვთ ალბათ ეს ეპიზოდი. ანუ როგორ ეურჩება, აქ ჩანს მისი უძლურება. ამრიგად, სხვა მოციქულები შეიძლება უფრო ძლიერებიც კი იყვნენ იმ მომენტში ჯერ. შემდეგ პეტრე სამგზის უარყოფს ქრისტეს. იქაც ჩანს მისი ეს სისუსტე, მაგრამ როდესაც უფალი მკვდრეთით აღდგება და ეკითხება მას: ,,სიმონ იოანასო, გიყვარ მე შენ?” – ეს სუსტი, დაცემული პეტრე პასუხობს, რომ ,,შენ ყოველივე იცი, უფალო, რომ მე შენ მიყვარხარ” და ამიტომ აი, ეს განჭვრიტა უფალმა მასში. ამიტომ იმ აღთქმას, რომელსაც უფალი აძლევს პეტრეს, აღარ გააუქმებს. რომელია ეს აღთქმა? ის, რომელიც ამავე სახარებაშია ნათქვამი: უფალი ეუბნება პეტრეს: ,,შენ ხარ კლდე და აი, ამ კლდეზე დავაფუძნებ მე ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას!” აი, ასეთი საოცარი პიროვნებაა პეტრე მოციქული.
ასევეა პავლე მოციქულიც. პავლესაც განჭვრეტს უფალი ამ გულის სიღრმეში. პავლე ხომ სასტიკი მდევნელი იყო და როგორ უეცრად ხდება მისი მოქცევაც, ერთი სიტყვით, უფალი ეტყვის მას: ,,სავლე, სავლე, რატომ მდევნი მე?!” ეს საკმარისი აღმოჩნდა. თქცენ გახსოვთ, თვალთ დაუბნელდა მას და აი, ამ ორი სიტყვით მოაქცია უფალმა სიციცხლისაკენ, ღმერთისაკენ და პეტრეც და პავლეც შემდგომში სიცოცხლეს სწირავენ ქრისტესთვის.
აი, ასე ნელ-ნელა აღამაღლებს უფალი თავის რჩეულებს, იქამდე, რომ დღეს იყო კორინთელთა მიმართ ეპისტოლედან ადგილი, როცა პავლე მოციქული თავის თავზე ამბობს, რომ მესამე ზეცამდე აღამაღლა და იქ ღმერთმა დაანახა, აზიარა მას ენით გამოუთქმელ საიდუმლოებებს, ამის ხილვის ღირსი გახადა. ესეც არ იკმარა უფალმა, დღევანდელ სახარებაში ასევეა სიტყვები პეტრესადმი, არათუ მესამე ზეცამდე აიყვანა თავისი რჩეული, არამედ დღევანდელ სახარებაში პეტრეს ეუბნება: ,,შენ მოგცემ ცათა სასუფევლის გასაღებს, რასაც შეკრავთ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაში, რასაც გახსნით დედამიწაზე, ხსნილ იქნება ზეცაში”. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს უფალი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.
ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც უფალმა განჭვრიტა პეტრესა და პავლეში, ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანში, ასევე ყოველ ჩვენგანში არის ეს სიღრმე, მიუწვდომელი, თვალით უხილავი, ადამიანებისთვის ამოუცნობი სიღრმე, რომელსაც ჩვენც კი ვერ ვიცნობთ და ვერ ვხედავთ, მხოლოდ ღმერთმა იცის, ვინ ვართ ჩვენ და რისთვის შეიძლება ვიყოთ განმზადებულნი, ღმერთი განსჭვრეტს ამას”, – განაცხადა მეუფე შიომ.