მაია ნიკოლეიშვილი – ოპერატორის გარდაცვალებაზე: ნებისმიერი მოტეხილობის დროს მორფი ნაკლებად ინიშნება, საინტერესოა, თუ კლინიკამ დანიშნა, რატომ დანიშნა

“ნებისმიერი მოტეხილობის შემდეგ მორფი ნაკლებად ინიშნება. სხვა ტკივილგამაყუჩებლებიც არსებობს, საინტერესოა, თუ კლინიკამ დანიშნა, რატომ დანიშნა”, – ამის შესახებ “კვირას” ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, თავის ტვინის შერყევის დროს პაციენტმა მკაცრი წოლითი რეჟიმი უნდა დაიცვას, ამიტომ, ჩნდება კითხვა, იყო თუ არა კლინიკის მხრიდან პაციენტი ამის თაობაზე გაფრთხილებული.

“კვირასთან” საუბარში ექსპერტი ამბობს, რომ მთავარი ქიმიური ექსპერტიზის პასუხია.

“ალეკო გეჯაძეს მოვუსმინე, ჯერჯერობით, ფრაგმენტულია… საჭირო და მნიშვნელოვანია ქიმიური ექსპერტიზის პასუხი.

მორფს ყვრიმალის მოტეხილობის დროს არ იყენებენ ხოლმე, ძალიან იშვიათად. რა თქმა უნდა ძლიერი ტკივილები იქნებოდა, არსებობს სხვა ტკივილგამაყუჩებლები. ნარკოტიკი და მორფი სხვადასხვაა, კლინიკიდან გაწერის შემდეგ აღარ უნდა სჭირდებოდეს, იმ მდგომარეობაში უნდა გაწერო, რომ ისეთი ტკივილებით არ იყოს ადამიანი. თუ ასეთი ძლიერი ტკივილები ჰქონდა, მაშინ უნდა დაეყოვნებინათ სამედიცინო დაწესებულებაში. ზოგადად, ნებისმიერი მოტეხილობის დროს მორფი ნაკლებად ინიშნება. საინტერესოა, თუ კლინიკამ დანიშნა, რატომ დანიშნა.

ასევე, როგორც ვიცი, აღინიშნება თავის ტვინის შერყევა, ასეთი ტრამვების შემდეგ ეს, როგორც წესი, ხშირია, ამ დროს კი აუცილებელია მკაცრი წოლითი რეჟიმი. ამის დარღვევა კატეგორიულად არ შეიძლება. წოლითი რეჟიმი სხვადასხვა ვადით ინიშნება, ადამიანი უნდა იწვეს, არ უნდა ადგეს, კომპიუტერი, ტელევიზორი და სხვა გამაღიზიანებელ ფაქტორებთან კონტაქტი არ შეიძლება. საინტერესოა, ამ კუთხით თუ იყო კლინიკის მხრიდან გაფრთხილებული. თუმცა ეს ისაა, რისი თქმაც ამ დროისთვისაა შესაძლებელი, მთავარია მიკროსკოპული, ქიმიური ექსპერტიზის კვლევები და პასუხები”, – განუცხადა “კვირას” ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები