თემურ ჭყონია: ცდების ჩატარების უფლება ქალაქზე, ხალხზე, ეკონომიკაზე, არავის გვაქვს, ხშირად ვამბობთ ხოლმე, ვაცადოთ და ვნახოთ, რას იზამსო და აი, ზუსტად ეგ გვღუპავს

“საქართველოდან უცხოეთში წასული ბევრი კარგი ეკონომისტი, წარმატებული ბიზნესმენი, გამოცდილი მმართველი გვყავს. რატომ არ ვთავაზობთ მათ მერობის კანდიდატობას? შევთავაზოთ მათ, ვისაც უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, ვიდრე ჩვენს ამ პატარა ქვეყანაში”,- ამის შესახებ ბიზნესმენი, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” პრეზიდენტი თემურ ჭყონია გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ჭყონია ინტერვიუში პოლიტიკაზე, ლარის კურსზე საუბრობს, ასევე პასუხობს კითხვას – არის თუ არა ფეხბურთელ რონალდოზე ისევ გაბრაზებული.

“თბილისის მერობაზე სერიოზულად არ მიფიქ­რია,­ რადგან მიმაჩნია, რომ კარგი პოლიტიკოსი, კარგი მერი, კარგი პრემიერ-მინისტრი, კარგი მინისტრი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აწყობდეს, აშენებდეს თავის კარიერას და არ უნდა იყო შემთხვევითი ადამიანი ამ თანამდებობაზე. თუ რაღაცას მიაღწიე ჟურნალისტიკაში, მედიცინაში, ბიზნესში, რაც უნდა დიდი მწვერვალები დაიპყრო, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გაგიჩნდეს პრეტენზია უფრო დიდი რაღაცის მართვის.

რადგან წარმატებას მიაღწიე ერთ სფეროში, ეს არ ნიშნავს, რომ გქონდეს ამბიცია უფრო მეტი გააკეთო აბსოლუტურად სხვა სფეროში, რა თქმა უნდა, თუ ამისთვის არ ემზადებოდი დიდი ხნის განმავლობაში.

ყოველთვის პატივს ვცემ კარიერულ წინსვლას. ხშირად გავიგონებთ, რომ ესა თუ ის ადამიანი სახელმწიფო მოღვაწეა და მართლაც რომ გადახედავ მათ ისტორიას, მთელი ცხოვრება სახელმწიფოს ემსახურებოდნენ, კარიერა პოლიტიკაში მძივივით ააწყვეს და ამისთვის სხვადასხვა ბარიერის გადალახვა უწევდათ. ჩვენთან კი ხშირად ასეთ გადაწყვეტილებებს იმპულსურად იღებენ. მაგალითად, ვიღაც მაგარი იურისტია და უცებ გაუჩნდება ამბიცია გახდეს პოლიტიკოსი. ასეთ დროს კი შეიძლება დაიკარგოს კარგი იურისტი და მივიღოთ ცუდი პოლიტიკოსი. ასე ხშირად ხდება საქართველოში. შესაძლებელია მე ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ, მაგრამ თუ არა მაქვს შესაბამისი განწყობა, ან არა ვარ მომზადებული სხვა საქმესთან შესაჭიდებლად, შეიძლება ვერ მივაღწიო სასურველ შედეგს. ან შეიძლება მივაღწიო, მაგრამ ჯობს გარანტირებული გქონდეს წარმატება იმ საქმეში, რომელსაც ეჭიდები. მაგალითად, სპორტსმენი ოლიმპიადისთვის ოთხი წლის განმავლობაში ემზადება და ამ მუშაობის შედეგია მოპოვებული მედალი. ის ხომ ოთხ წელიწადს ემზადებოდა ამისთვის და შესაბამისი განწყობით გავიდა საასპარეზოდ. ამიტომ შეიძლება ემოციური, იმპულსური მოსაზრება გაჩნდეს, მაგრამ არ უნდა “ავარდე“, არ უნდა იფიქრო, რომ რადგან დაგაფასეს, სხვებში გამოგარჩიეს, შენ ამას აუცილებლად შეძლებ.

ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით, რომელიც არა მგონია ბევრმა იცოდეს. 1916 წელს ატლანტის მერი, კომპანია “კოკა-კოლას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასა გრიგს კენდლერი გახდა. კენდლერმა დააბალანსა ქალაქის ბიუჯეტი და დიდი ხანძრით გადამწვარი ქალაქის აღდგენას შეუდგა. ასეთი პრეცედენტიც არის. შეიძლება გამომივიდეს, შეიძლება არა, მაგრამ ცდების ჩატარების უფლება ქალაქზე, ხალხზე, ეკონომიკაზე, არავის გვაქვს. ხშირად ვამბობთ ხოლმე: ვაცადოთ და ვნახოთ, რას იზამსო და აი, ზუსტად ეგ გვღუპავს!

თბილისის მერობის კანდიდატობაზე ჩემი აზრი დღეს ასეა და არ გეგონოთ, რომ ვიპრანჭები… მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მენეჯერები, ეკონომისტები და ფინანსისტები არიან. ამის გამოუყენებლობა და იგნორირება ჩემთვის ძალიან საწყენია.
ზოგჯერ პარლამენტს ვუყურებ და ვფიქრობ, რომ იქ ყველას თანაბარი ჰგონია თავი. კი, ყველას ერთი სტატუსი აქვს, ყველა დეპუტატია, მაგრამ ჭკუა, გამოცდილება, შედეგები აქვთ განსხვავებული.

ზოგჯერ მამუკასა და ბადრის რომ ეკამათებიან ის დეპუტატები, თავი პოლიტიკოსები რომ ჰგონიათ, თუ ასე სურთ, ეგონოთ, მაგრამ სტატუსის გათანაბრება არ ნიშნავს, რომ თანაბარნი არიან გამოცდილებითა და შედეგებით. ასეთები არიან მამუკა, ბადრი, სალომე სამადაშვილი, ხატია დეკანოიძე და კიდევ არაერთი სხვა. არიან ტიპები, პარლამენტში რომ მოხვდებიან, ბრძენი პოლიტიკოსებივით იწყებენ საუბარს, ფაქტობრივად, ჩერჩილები ჰგონიათ თავი და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ადამიანების მართვა. ჩვენ კი, ვისაც გვაინტერესებს პოლიტიკა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა იყოს ბედნიერი, გვაბრაზებს ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ და მათი დატოლების მცდელობა იმ ადამიანებთან, ვისაც მართლაც აქვთ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება მართვისთვის.

ხანდახან არ გაკვირვებთ ის, რომ, მაგალითად, ერთი პროცენტი აქვს მხარდაჭერა პოლიტიკოსს და ისე ლაპარაკობს,­ თითქოს მას გადამწყვეტი სიტყვის უფლება აქვს?! ამიტომ არ შეიძლება გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანის ცოდნა არ გამოიყენო. მეც ხშირად მითქვამს და მთელი ჭკვიანი საზოგადოების მოთხოვნაა, რომ კოალიციური მთავრობა იყოს. კოალიციურ მთავრობაზე გართულება კი არა გვაქვს, ეს აუცილებლობაა, მთელ მსოფლიოში გამოცდილი თემა. ეს არის კოალიციური ინტელექტუალური აზროვნება, რომელიც ორიენტირებულია შეთანხმებულ, გონივრულ გადაწყვეტილებებზე, რათა მომდევნო არჩევნებში ჭკუამ გაიმარჯვოს და არა მანიპულაციამ.

რაც შეეხება კალაძეს, არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს მასთან და პატივს ვცემ ჩვენს ურთიერთობას. ზოგჯერ ამბობენ, რომ პოლიტიკა და ურთიერთობა სხვადასხვა რამეა, მაგრამ ჩემთვის ურთიერთობა ურთიერთობაა. თუ კენჭი იყარა კახა კალაძემ და ის წარადგინა პარტიამ, ეს ნიშნავს, რომ კახა კალაძე იქნება ერთი რომელიმე პარტიის მერი. რამდენიც უნდა იძახოს მერე, მე მთელი თბილისის მერი ვარო, მაინც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან იქნება ასოცირებული. ამიტომ, ჩემი აზრით, კახა კალაძისგან ყველაზე თანამედროვე მიდგომა იქნება თანხმობა კოალიციურ მთავრობაზე. როცა იცი, რომ შენ იმარჯვებ, მაგრამ თბილისში არსებობს ოპოზიციის დიდი ნაწილი, ამ ოპოზიციას ხომ უნდა სცე პატივი? რას ითხოვს ოპოზიცია? ითხოვს კოალიციურ მთავრობას და თუ შენ გინდა იყო ქალაქის ლიდერი, მაშინ მათი აზრიც უნდა გაითვალისწინო, ჯიბრში კი არ უნდა ჩაუდგე.

პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შესაძლოა ერთმანეთისადმი არასრულყოფილი დამოკიდებულება ჰქონდეთ, მაგრამ სწორი მართვისა და შედეგისთვის კოალიცია აუცილებელია. მაგალითად, ახლა ფეხბურთის ჩემპიონატია, მთელი მსოფლიო უყურებს, სკაუტები ეძებენ თავიანთ გუნდებს, გუნდში კარგ ფეხბურთელს და არ კითხულობენ ფეხბურთელის ფერს, ნაციონალობას, მრწამსს, რადგან მათი მიზანია შექმნან მაგარი გუნდი, რომელიც გაიმარჯვებს. ჩვენც ასე უნდა მივუდგეთ საკითხს, ჩვენც უნდა ვეძებოთ კარგი მოთამაშეები გუნდისთვის. როგორ შეიძლება ერთ პარტიაში იყოს მთელი საქართველოს ჭკუა გაერთიანებული. ამიტომ საქართველოს ინტელექტი გადანაწილებულია სხვადასხვა პარტიაში და თუ ქვეყნის გამარჯვება გინდა, ყველა პარტიის ინტელექტუალური რესურსი უნდა გამოიყენო”,- აცხადებს ჭყონია.

კითხვაზე – “თქვენთვის ვინ იყო თბილისის ყველაზე კარგი მერი?”, რესპონდენტი პასუხობს, რომ გვარები კი არ უნდა დასახელდეს, არამედ უნდა გამოკვეთოს პერიოდები, როდის იყო თბილისი­ ყველაზე ლამაზი, როდის იყო ყველაზე სრულყოფილი არქიტექტურულად, როდის იყო ყველაზე სტუმართმოყვარე, როდის იყო ყველაზე ტოლერანტული და როდის იყო ყველაზე მეტი ტურისტი თბილისში.

“ის, ვისაც ჩამოყვანილი ჰყავდა ფრანგი, ინგლისელი და იტალიელი არქიტექტორები და რომლებიც ქმნიდნენ არაჩვეულებრივ თბილისს. თბილისი, რომელიც თავისი არქიტექტურით, ფინანსური ინსტიტუტებით, განათლების კერებითა და დიდი სპორტული მიღწევებით კავკასიის ცენტრი გახდა. ამიტომ გვარები კი არ უნდა დავასახელოთ­, პერიოდები უნდა გამოვკვეთოთ, როდის იყო თბილისი­ ყველაზე ლამაზი, როდის იყო ყველაზე სრულყოფილი არქიტექტურულად, როდის იყო ყველაზე სტუმართმოყვარე, როდის იყო ყველაზე ტოლერანტული, როდის იყო ყველაზე მეტი ტურისტი თბილისში.
დიმიტრი ყიფიანი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქისთავი თბილისში და სულ არ სჭირდებოდა რომელიმე პარტიული კუთვნილება, რომ სიყვარულით ეზრუნა თბილისზე. აი, მაშინ იყო სწორედ კოალიციური აზროვნება, როცა დიმიტრი ყიფიანის სასარგებლოდ თბილისის სათათბიროში ხმა მისი კონკურენტის შვილმა მისცა. ეს არის ისტორია! სამწუხაროდ, ხშირად ისტორიას იმიტომ ვკითხულობთ, რომ ვაჩვენოთ, რა ნაკითხები ვართ და არა იმიტომ, მისი საუკეთესო მაგალითები გავიზიაროთ. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე უსმენდა მამუკას (ხაზარაძე), როცა მერობის სასურველ კანდიდატზე საუბრობდა და გადმომილაპარაკა, მგონი, შენ გგულისხმობს და არ გაბედოო. სერიოზულად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, საქართველოდან უცხოეთში წასული ბევრი კარგი ეკონომისტი, წარმატებული ბიზნესმენი, გამოცდილი მმართველი გვყავს. რატომ არ ვთავაზობთ მათ მერობის კანდიდატობას? შევთავაზოთ მათ, ვისაც უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, ვიდრე ჩვენს ამ პატარა ქვეყანაში.

თბილისს, ჩემი აზრით, უფრო დიდი ფუნქცია აქვს და უნდა ჰქონდეს, ვიდრე მხოლოდ დედაქალაქობაა. ის უნდა იყოს დიდი ფინანსური ცენტრი კავკასიაში, ქალაქი, სადაც ყველა ადამიანი იგრძნობს, რომ ეს არის ქალაქი, სადაც შეიძლება უფრო დიდი წარმატების მიღწევა, ვიდრე სხვაგან. თბილისს ეს ფუნქცია ისტორიულად ჰქონდა და უნდა დავუბრუნოთ. თუმცა, ჯერ გარეცხვა სჭირდება, რადგან ძალიან ჭუჭყიანია.

სხვადასხვა დოზით კორუფცია აბსოლუტურად ყველა ქვეყანაშია. ვერც ერთი ქვეყანა, რაც უნდა განვითარებული იყოს, ვერ იტყვის, რომ მასთან კორუფციის რისკები არ არსებობს. რა თქმა უნდა, არის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ანტიკორუფციული მიმართულებით მუშაობენ, მაგრამ ეს სხვა თემაა. ამ შემთხვევაში ლაპარაკია ანტიკორუფციულ საპარლამენტო კომისიაზე, როგორიც ბევრ ქვეყანაშია, და იკვლევს სისტემურ კორუფციაში ჩართული ქვეყნის დამღუპავი საჯარო მოხელეების საქმიანობას. ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გენიალური ქალბატონი გოლდა მეირი ამბობდა, კორუმპირებული ადამიანი ქვეყნის მოღალატეაო. ჩვენ უნდა ვუსმენდეთ ასეთ გენიალურ ადამიანებს, რომლებმაც ისტორია, ქვეყნები შექმნეს და არ უნდა ვუსმენდეთ იმ პოლიტიკოსებს, ვინც სამი დღის წინ მოვიდნენ პოლიტიკაში, იმათ ციტატებს არ უნდა ვიმეორებდეთ. განათლება და გენიალური ადამიანების ცხოვრების გაზიარება ან მიბაძვა არის ქვეყნის წარმატება და არა ქიშპობა, იმის წამოძახება, ვინ “ქოცია” და ვინ “ნაცი”. ეს დაბალი დონის კამათია.

კიდევ ერთ თემას მინდა შევეხო – რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ “ტვ პირველის” ჟურნალისტ გოგოს, ბავშვს, ვიღაც ვირმა მიკროფონი გამოართვა და ჩაარტყა. ამას უყურებს საზოგადოება და მიაჩნია, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის ერთპარტიული მმართველობის შედეგი, რადგან ის კაცი ვიღაცას ემლიქვნელება, მლიქვნელობის ფორმა კი ზოგან ღიმილი, ზოგან კი აგრესიაა…

დავუბრუნდეთ კორუფციის თემას – მამუკა ხაზარაძემ დააანონსა, რომ უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია პარლამენტში და საზოგადოება ამას ისე უყურებს, თითქოს ანტიკორუფციული კომისია პარლამენტში იქმნება და არა ქვეყნისთვის. ჩვენ ყველაფერს შორიდან ვუყურებთ, როგორც სეირს, ნაცვლად იმისა, პოლიტიკოსებს ვუთხრათ, სეირის ყურება მოგვბეზრდა, ჩვენ გველაპარაკეთ და გვითხარით, რას გვთავაზობთო. საზოგადოება მომთხოვნი უნდა იყოს, ჩვენ კი არაფერს ვითხოვთ. ველოდებით, როდის მოვა არჩევნები, რომ ჯიბრით ავირჩიოთ ეს და გადავირჩიოთ ის. ეს კარგად იციან იმ პოლიტიკურმა ლიდერებმა, ვინც არჩევნებში მონაწილეობენ. იციან, რომ პროგრამები კი არ არის საჭირო, არამედ მანიპულაციები. არ გინახავთ, ზოგჯერ ილუზიონისტს უფრო დიდი ინტერესით უყურებს ადამიანი, ვიდრე ცნობილ მომღერალს უსმენს. ზოგჯერ “ფოკუსნიკების” უფრო სჯერათ, ვიდრე ხელოვანების.

ლარის კურსის დიდი სპეციალისტი არა ვარ და მგონი, ვერც სხვამ ამოხსნა, ან რატომ გამყარდა, ან რატომ გაუფასურდა. მაგრამ როგორც კი ახლო წარსულს გადახედავთ, როგორც კი პოლიტიკური ვითარება იძაბება, ხალხი ცდილობს უცხოურ ვალუტაში ჰქონდეს დანაზოგი. ვფიქრობ, ლარის რყევას გაცილებით უფრო მარტივი მიზეზები აქვს, ვიდრე მაკროეკონომიკური მიზეზებია. ქვეყნისა და ლარის კურსის სტაბილურობისთვის ჩვენ უნდა დავსახოთ, რა თანხა გვჭირდება და ამ თანხის მისაღებად რამდენპროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა საჭირო. მაგალითად, თქვენ იცით, რომ თქვენი ოჯახის ბიუჯეტისთვის კონკრეტული თანხაა საჭირო და ამისთვის უნდა განსაზღვროთ, რამდენი პროცენტით უნდა გაზარდოთ შემოსავალი. თორემ შრომა შეიძლება გაზარდოთ 10-20%-ით, მაგრამ ის თანხა ვერ შეაგროვოთ, რომელიც საჭიროებების უზრუნველსაყოფად გჭირდებათ. ამიტომ ჩვენ ქვეყნის მასშტაბით უნდა განვსაზღვროთ, რა გვჭირდება, რა არის ჩვენი მიზანი და ამისთვის რამდენპროცენტიანი ზრდაა საჭირო. სხვაგვარად კი გამოდის, რომ ვატყუებთ ერთმანეთს, რომ 40%-ით გაიზარდა ეკონომიკა, მაშინ რატომ ვართ ასე ცუდად?! გამოდის, რომ 500%-იანი ზრდა გვჭირდება. თუ მაღალი ეკონომიკური ზრდა გაქვს და მაინც ვერ აღწევ იმ შედეგს, რომ ადამიანი ბედნიერი და კმაყოფილი იყოს, ეს უფრო ცუდია, ვიდრე პატარა ზრდა. ეს არის სწორი ეკონომიკური ფორმულა და არა სიტყვების ბრახაბრუხი მხოლოდ იმიტომ, რომ მერე ესა თუ ის პარტია ამის გამო ავირჩიოთ. ასე რომ, ეს სიტყვების ბრახაბრუხი ჩემზე არ მოქმედებს. სხვებზე შეიძლება მოქმედებდეს.

ათწლიან გეგმას იმ შემთხვევაში დავუჭერ მხარს, თუ დამისახელებენ მათ გვარ-სახელებს, ვინც ათწლიან გეგმას ადგენს. ათწლიან გეგმაში სხვადასხვა მიმართულებაა. უნდა ვიცოდეთ, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე რომელი ჯგუფი მუშაობს, რომელი ჯგუფია პასუხისმგებელი ინდუსტრიაზე, რომელი – სამშენებლო სფეროზე და ასე შემდეგ… თუ დამისახელებს ბატონი პრემიერ-მინისტრი, რომ ათწლიანი გეგმის ავტორები არიან ესენი და ესენი, უფრო გასაგები იქნება, რა გეგმაზეა ლაპარაკი. გეგმის ავტორები უნდა იყვნენ იმდენად ძლიერი სპეციალისტები, რომ ახალი მთავრობის მოსვლის შემთხვევაშიც ამ გეგმას არავინ შეეხოს. იმდენად სწორი, ფუნდამენტური ნა­შრომი უნდა იყოს, ანგარიშგასაწევი მეცნიერებისა და პროფესიონალების დამუშავებული, რომ ვინც გნებავთ მოვიდეს ხელისუფლებაში, უნდა მოერიდოს მის შეცვლას. აი, მაშინ იქნება ქვეყანა განვითარებული. თუ მარტო ერთი პიროვნება, ირაკლი ღარიბაშვილი დადებს ამ გეგმას, ჩათვალეთ, რომ შემდეგი ვინც ხელისუფლებაში მოვა, გადახაზავს და დაიწყებს ნულიდან. შესაბამისად, ათწლიანი გეგმის შედგენა შესაძლებელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის შემდეგი. როდესაც წიგნს ვყიდულობთ, ჯერ ავტორს ვკითხულობთ და შინაარსს მერე ვეცნობით. ფილმში თუ ბრედ პიტი თამაშობს, ჩემი საყვარელი მსახიობი, ესე იგი, კარგი ფილმი იქნება”,- აცხადებს რესპონდენტი.

ჟურნალისტის კითხვაზე – “რონალდოზე ისევ გაბრაზებული ხართ თუ გადაგიარათ წყენამ?”

“მე რომ ხეპრე ვუწოდე, ალბათ, ამას გულისხმობთ. მე ფეხბურთის პროფესიონალი გულშემატკივარი ვარ, საქართველოს ჩემპიონატებსაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ. რონალდო არასდროს იყო ჩემთვის ძალიან მაგარი ან თუნდაც ნიჭიერი ფეხბურთელი. იყო და არის კარგი ნავარჯიშები, მაგრამ არ ვთვლიდი ისეთ ფეხბურთელად, როგორიც მესი, პელე ან ზიდანი იყვნენ. რონალდო არ იყო უფრო მაგარი, ვიდრე თუნდაც გუცაევი ან ყიფიანი. ის, რაც მან გააკეთა, უწესობაა და სხვა არაფერი – “ჰაინეკენის”, “ნაიკისა” და რაც მთავარია, “კოკა-კოლას” გარეშე ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართებოდა და მაშინ რონალდო ეზოში ითამაშებდა. საკუთარი თვითმფრინავით რომ დადის და იმ შამპუნს რომ უკეთებს რეკლამას, რითაც თავს არავინ იბანს, ესე იგი, “კოკა-კოლა” ყოფილა მავნებელი და ის შამპუნი სასარგებლოა?​
რონალდომ შეურაცხყო ის კომპანიები, რომელთა ხარჯზეც გახდა პოპულარული. კომპანია გაძლევს თავის გამოჩენის, შენი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას. “კოკა-კოლას” რეკლამაც გადის იმ სტადიონზე, სადაც თამაშობს და გამოვიდეს მაშინ, რას თამაშობს? რა საჭირო იყო ასეთი ხეპრული გამოხდომა, არ მესმის”.

კითხვაზე: “კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ, კატეგორიულ უარს არ ამბობთ თბილისის მერად კენჭისყრაზე?” – ჭყონია პასუხობს:

“ჩემთვის არაფერი უთქვამთ… ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ ვუთხრა საზოგადოებას – არა მაქვს მერობაზე პრეტენზია, არ მინდა მერე ლანძღვა დამიწყონ, რადგან შემდეგ ამ ყველაფერს ჩემი მეუღლე, მარინა კითხულობს და არ მინდა ინერვიულოს”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები