ნათია ჯანაშიას შეტევას ბრიტანულ-ქართულ აკადემიაზე კრიმინალური ელფერი აქვს – აფბა
“სამწუხარო რეალობა გამოიკვეთა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის მონიტორინგისას. საქმე ის არის, რომ სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის ორკესტირებული ორგანიზებული შეტევა საგანმანათლებლო დაწესებულებაზე დღითი-დღე მძიმე კრიმინალურ ელფერს იძენს”, – აღნიშნულია “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში. აფბა აღნიშნული დავის, რომელიც აკადემიის ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ არის ინიცირებული, საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს კრიმინალური ელფერის იმ ინცინდენტთა რაოდენობა, ხასიათი და სპექტრი, რაც ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მხრიდან დავაში ჩართულ სუბიექტებთან მიმართებით დაფიქსირდა.
“მონიტორინგისას გამოიკვეთა, რომ ნათია ჯანაშიას მხარე, იყენებდა რა (სავარაუდოდ, არამართლზომიერად) აკადემიის ყოფილი მენეჯმენტის სტატუსს, გადაადგილდებოდა აკადემიის ტერიტორიაზე და პრობლემებს ქმნიდა აკადემიის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის. არაერთი ასეთი ფაქტი დოკუმენტირებულია, აღწერილია და გადაცემულია შესაბამის ორგანოებში.
ყველანაირ ეთიკურ და ადამიანურ ზღვარს გადასცდა დავით ცეცხლაძის მიერ აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე გამოხატული აგრესია “საქართველოს განათლების ჯგუფის” თანამშრომელთა მიმართ, როცა ის პირდაპირ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მათ. მათ შორის, ორსულ ქალს. ამ ფაქტზე, პოლიციაში, გამოძიებაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლით – მუქარა სიცოცხლის მოსპობით ჯგუფურად. ეს ბრალი, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადება მოიცავს ცეცხლაძე-ჯანაშასთან დაკავშირებულ თვითმფრინავის ინციდენტს, როცა დავით ცეცხლაძემ თბილისი – ლონდონის რეისზე, საკუთარი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “საქართველოს კაპიტალისა” და “საქართველოს განათლების ჯგუფის” თანამშრომლებს და მხოლოდ მას შემდეგ დაშოშმინდა, რაც ბორტგამცილებელთა ჯგუფმა მკაფიოდ აუხსნა, რომ დასვამდნენ ბორტს და მას სამართალდამცავებს გადასცემდნენ. აფბას ინფორმაციით, ამ ფაქტზე “ბრიტანეთის ავიახაზების” უსაფრთხოების სამსახურისა და ბრიტანეთის პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.
“კრიმინალური ელფერის რეგულარული გამოვლინებაა, ოპონენტთა მიმართ დავით ცეცხლაძის მიერ სოციალურ ქსელში მადისკრედიტირებელი, ბულინგითა და სიძულვილის ენით წარმოებული კამპანია, რომელიც ძნელია, ადეკვატურობის ფარგლებში განიხილო. ეს არის კრიმინალური ლექსიკით სავსე, პატივისა და ღირსებისა შემლახავი, შეურაცხმყოფელი ფრაზებით გაჯერებული მიზანმიმართული მოქმედებების წყება, რაც არ უნდა დარჩეს დაუსჯელი ამ მიმართულებით მკვეთრად გამკაცრებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე. მონიტორინგის სამსახური მკაცრ და მყისიერ შეფასებებს მოახდენს ნებისმიერი ასეთი ინციდენტის დროს”, – აღნიშნავენ აფბაში.