სულხან თამაზაშვილმა სამინისტროს შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, სამინისტროს ყოველწლიური შიდა საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულ გუნდს სპეციალურად განკუთვნილი თასი გადასცა, ხოლო ფეხბურთელები მედლებით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მომსახურების სააგენტოს გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გუნდმა მოიპოვა და ჩემპიონის ტიტულს უკვე ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში საფეხბურთო ტურნირი, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება, რომლის მიზანიც უწყების თანამშრომლებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.