ბექა ძამაშვილი: რუსეთის დელეგაციას ჟენევაში მცდელობა ჰქონდა, პასუხისმგებლობა თავიდან აერიდებინა
რუსეთის დელეგაციას ჟენევაში ჰქონდა მცდელობა, თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა და ეთქვა, რომ თითქოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მათ არ ეხებათ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა, სადაც მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი გაიმართა.
„სტრასბურგის გადაწყვეტილებაში პირდაპირ მითითებულია, რომ ნებისმიერ დარღვევაზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია. რუსეთის დელეგაციას ჟენევაში ჰქონდა მცდელობა, თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა და ეთქვა, რომ თითქოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მათ არ ეხებათ, არ არის მათი პასუხისმგებლობა, რადგან ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან.
თუმცა, ჩვენ გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება და გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტი, რომ მათ ეს ნარატივი ვეღარ განავითარონ. ჩვენ მითითება გავაკეთეთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც წერია, რომ რუსეთი ახორციელებს ამ ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენი მითითების შემდეგ რუსეთს არაფერი დარჩა სათქმელი იმის გარდა, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და არ აღიარებენ. ეს არის მკვეთრი დემონსტრაცია, თუ როგორ უყურებს რუსეთი საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს. ჩვენ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების იმედი გვაქვს.
ზაზა გახელაძის საკითხი ორივე სამუშაო ჯგუფში განიხილებოდა. როდესაც თბილისში დავბრუნდებით და სხვა მონაწილეები თავის საცხოვრებელ ადგილებზე, შემდეგ გვექნება შესაძლებლობა ვთქვათ, რამდენად სწრაფად მოხერხდება გათავისუფლება ამ დისკუსიის მეორე ჯგუფის ფარგლებში. როგორც ასეთი კონკრეტული შეპირება ჩვენ ამ საკითხს დავაფიქსირებთ ყველა შესაძლებელ ფორმატში. აქტიურად გამოვიყენეთ ჟენევის ეს რაუნდიც. როდესაც დავბრუნდებით. გვექნება შესაძლებლობა. ვნახოთ, როგორ უპასუხებს ამას ოკუპანტი ძალა და რამდენად სწრაფად გაათავისუფლებს ზაზა გახელაძეს“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს. ლაშა დარსალია ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდის ფარგლებში იმყოფება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო პარტნიორებთან ერთად საუბრობენ.